დებატების დროს ფინანსთა მინისტრმა და ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა ეკონომიკური ზრდის შენელებაში ერთმანეთი დაადანაშაულეს

13 ნოემბერს პარლამენტში გამართული დებატების დროს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა, რომელიც ნაციონალური მოძრაობის დეპუტატების კრიტიკის სამიზნე გახდა ეკონომიკური ზრდის შენელების და საგადასახადო შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლების შეუსრულებლობის გამო, მიმართა დეპუტატებს, რომ „კარგად დაივიწყეთ სიტყვა ‘სეკვესტრი’ და გადააგდეთ“.

„არანაირი სეკვესტრი არ იქნება; ბიუჯეტს აქვს იმის რესურსი, რომ ყველა აღებული ვალდებულება შეასრულოს“, – განაცხადა მან.

საქართველოს საგადასახადო შემოსავლების 2013 წლის საპროგნოზო მაჩვენებელი ვერ შესრულდება, რადგანაც ეკონომიკური ზრდის რეალური მაჩვენებელი ბევრად ჩამორჩება საპროგნოზო მაჩვენებელს, რომელიც 6%–ს შეადგენს.  წლიურმა ეკონომიკურმა ზრდამ პირველ ცხრა თვეში 1.7% შეადგინა. პირველი ცხრა თვის მონაცემები ასევე აჩვენებს, რომ მთავრობა დაგეგმილზე უფრო ნაკლებს ხარჯავს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის განცხადებით, 2013 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის შენელება გამოიწვია ერთის მხრივ, პოლიტიკური გაურკვევლობით გამოწვეულმა ინვესტორთა დაბალმა ნდობამ და მეორეს მხრივ, საბიუჯეტო ხარჯვის შემცირებამ, განსაკუთრებით კაპიტალური ხარჯების გაწევის კუთხით. 

როდესაც ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური 13 ნოემბერს პარლამენტში მივიდა 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის წარსადგენად, მას ჰკითხეს დეპუტატებმა ნაციონალური მოძრაობიდან მზად იყო, თუ არა ის პოლიტიკური პასუხისმგებლობის ასაღებად შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლის შეუსრულებლობის გამო. ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა გიორგი გაბაშვილმა ხადური იმის გამო გააკრიტიკა, რომ მან ყურადღება არ მიაქცია ოპოზიციის მრავალჯერად გაფრთხილებას წლის განმავლობაში უარყოფითი ეკონომიკური ტენდენციების თაობაზე, რასაც, მისი თქმით, საბიუჯეტო მაჩვენებლების შეუსრულებლობა მოყვა; მან ასევე განაცხადა, რომ ეს მოცემულობა აიძულებს მთავრობას, რომ მნიშვნელოვნად შეამციროს საბიუჯეტო მაჩვენებლები. 

„ჩვენ პასუხისმგებლობა ავიღეთ შარშან არჩევნებზე და წელს კიდევ ერთხელ ავიღეთ საპრეზიდენტო არჩევნებზე და ჩვენ პასუხს არ გავურბივართ და ვაკეთებთ“, – უპასუხა ხადურმა.

„სამწუხაროდ, არ გამართლდა ჩვენი პროგნოზი“, – განაცხადა მან, რომელიც 6%–იან დაგეგმილ ეკონომიკურ ზრდას  გულისხმობდა, და ეს ოპოზიციის და პრეზიდენტ სააკაშვილის „ძალიან აგრესიული ფონით“ ახსნა.

„ეკონომიკა გამოდის იმ შოკიდან, რომელშიც თქვენ ის დატოვეთ“, – განუცხადა მან ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებს, შეახსენა, რომ ბიზნესი „თქვენი მთავრობის პირობებში დატერორებული იყო“ და მოუწოდა ნაციონალურ მოძრაობას „ეყოს ვაჟკაცობა და იმ ბიზნესმენებს ბოდიში მაინც მოუხადოს“.

როდესაც ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა უთხრეს მას, რომ მეტი გადასახადი აიკრიფა გასული წლის პირველ 10 თვეში, ვიდრე 2013 წლის ანალოგიურ პერიოდში, ხადურმა უპასუხა, რომ 100 მილიონი ლარი  შარშან წინა ხელისუფლების მიერ  განხორციელებული გამოძალვის შედეგად აიკრიფა.

„ეს 100 მილიონი ლარი არის ამოწოვილი სისხლი ბიზნესიდან. ჩვენ სისხლს არ ვწოვთ ბიზნესს“, – მიმართა მან ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებს.  

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა გიორგი თევდორაძემ უთხრა ფინანსთა მინისტრს: „დღეს ქართული ეკონომიკის შოკიდან გამოყვანა ამ სტრატეგიით, რომ მარტო გუშინდელ დღეს უყურო და მხოლოდ წინამორბედის შეცდომებში ვეძებოთ არგუმენტაცია არ გამოვა და ისე არ გამოვიდეს, რომ ლეტარგიულ ძილში შევიდეს ქართული ეკონომიკა, რაც ხშირად ფატალური შედეგით მთავრდება ხოლმე“.

ფინანსთა მინისტრმა აღიარა, რომ საგადასახადო შემოსავლების თვალსაზრისით შესაძლოა იყოს რაღაც პრობლემები.

„ბიუჯეტში წელს უფრო მეტ ფულს მივიღებთ, ვიდრე დახარჯვას მოვახერხებთ“, – განაცხადა მან, „შესაძლოა შემოსავლების ზოგიერთი მიმართულებით ჩვენ გვქონდეს პრობლემა, მაგრამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გასაწევ ხარჯებში ჩვენ პრობლემა არ გვექნება. დღესაც ნახევარ მილიარდ ლარზე მეტია თავისუფალი რესურსი სახელმწიფო ბიუჯეტში“.

მისი თქმით, 2.9%–იან დეფიციტზე იყო თავდაპირველი გათვლა, თუმცა „ახლა ვფიქრობთ, რომ დეფიციტი 2%–მდე შემცირდება“.

ხადურმა განაცხადა, რომ დანაკლისი ხარჯვაში „არ არის კარგი“, მაგრამ დასძინა, რომ ესეც წინა ხელისუფლების ბრალია.

ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ ახლანდელ ხელისუფლებას მთელი რიგი სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერება მოუხდა, რადგანაც ტენდერები, რომლის მეშვეობითაც მომსახურების მომწოდებლებთან კონტრაქტების გაფორმება ხდებოდა, „კორუფციულ“ გარიგებებს წარმოადგენდა. მისი თქმით. საჭირო გახდა ახალი ტენდერების ჩატარება, რამაც შეყოვნება და ხარჯვის დანაკლისი გამოიწვია. 

ხადურმა განაცხადა, რომ 800 მილიონი ლარი არ დაიხარჯა, რადგანაც მთავრობამ „კორუფციული ტენდერები“ შეაჩერა. მისი თქმით, ახლა ქართული ეკონომიკა გაჯანსაღების პროცესში იმყოფება. მისივე თქმით, იგი დარწმუნებულია, რომ ბიუჯეტს არანაირი პრობლემები არ შეექმნება.

ფინანსთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ეკონომიკური ზრდის შენელება სამშენებლო სფეროში, კერძოდ კი სამშენებლო სფეროს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ სეგმენტში არსებულმა კლებამ გამოიწვია.

2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი, რომელიც ფინანსთა მინისტრმა დეპუტატებს 13 ნოემბერს პლენარულ სხდომაზე წარუდგინა, ფაქტიურად იგივე პროექტია, რომელიც მთავრობამ ოქტომბრის დასაწყისში წარმოადგინა. ხადურმა განაცხადა, რომ მართალია დეპუტატების მხრიდან პროექტის მიმართ შენიშვნები არსებობდა, მაგრამ მასში ამ ეტაპზე არანაირი ცვლილებები არ შესულა, ვინაიდან გადამუშავებულ პროექტს 17 ნოემბრის ინაუგურაციის შემდეგ ჩამოყალიბებული ახალი მთავრობა წარმოადგენს ახალი პრემიერ–მინისტრის ხელმძღვანელობით. თუმცა, ხადურმა ასევე განაცხადა, რომ მას არ ჰგონია, რომ რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებები შევა პროექტში. უცვლელი პროექტის წარდგენის კიდევ ერთ მიზეზად მან სავალუტო ფონდთან დაგეგმილი კონსულტაციები დაასახელა.

2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, საგადასახადო შემოსავლები 6.95 მილიარდი ლარი იქნება, 30 მილიონი ლარით მეტი წლევანდელ მაჩვენებლთან შედარებით, ხოლო ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 5%–ია.

„მთლიანი შიდა პროდუქტის 5%–იანი ზრდის შემთხვევაშიც კი, საგადასახო შემოსავლების დაგეგმილი მაჩვენებელი ზედმეტად ოპტიმისტურად გამოიყურება“, – განუცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა დეპუტატებს 13 ნოემბერს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)