გენერალურ შტაბს ვახტანგ კაპანაძე უხელმძღვანელებს


მარცხნიდან მარჯვნივ: გენშტაბის ახალი უფროსი ვახტანგ კაპანაძე; თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზაზე თბილისში 22 ნოემბერს. ფოტო: პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური

ვახტანგ კაპანაძე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსად დაინიშნა, რომელმაც ამ პოსტზე ირაკლი ძნელაძე შეცვალა.

პოლკოვნიკი ძნელაძე ამ თანამდებობაზე 2012 წლის დეკემბრიდან მსახურობდა და მისი კანდიდატურა იყო კომპრომისული შეთანხმება პრეზიდენტ სააკაშვილს, რომელსაც წინა კონსტიტუციით გენშტაბის უფროსის დანიშვნის უფლება ჰქონდა მთავრობასთან შეთანხმების გარეშე, და თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიას შორის. ეს უკანასკნელი გენშტაბის უფროსის პოსტზე ბრიგადის გენერალს ვახტანგ კაპანაძეს უჭერდა მხარს; ახალ დანიშვნამდე კაპანაძე გენშტაბის უფროსის მოადგილე იყო. 2004 წელს იგი ექვსი თვის მანძილზე გენშტაბის უფროსი იყო.

კაპანაძე ბრიგადის გენერლობიდან გენერალ–მაიორის რანგამდე დააწინაურეს.  

გენშტაბის ახალი და ძველი უფროსები, ასევე თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია 22 ნოემბერს პრეზიდენტ მარგველაშვილს და პრემიერ–მინისტრ ღარიბაშვილს შეხვდნენ.

ასევე 22 ნოემბერს პრეზიდენტი და თავდაცვის მინისტრი საქართველოს შეიარაღებული ძალების მეოთხე მექანიზირებულ ბრიგადას ესტუმრნენ ვაზიანის სამხედრო ბაზაზე.

„ჩვენ ვამაყობთ თქვენით“, – მიმართა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა სამხედროებს, „ვაცხადებთ რა ნებისმიერი პრობლემის მშვიდობიან გადაწყვეტას ქვეყნის უცვლელ კურსად, ჩვენ მოვალენი ვართ მუდმივად ვიზრუნოთ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)