თავდაცვის მინისტრის ახალი მოადგილე დაინიშნა
ალექსი ბატიაშვილი, რომელიც პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მოადგილე იყო, როდესაც ის შინაგან საქმეთა მინისტრად მსახურობდა, თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.
თავდაცვის მინისტრის მოადგილის რანგში, ბატიაშვილი, რომელმაც ზაზა ბროლაძე შეცვალა, საფინანსო, შესყიდვების, სამხედრო–ტექნიკურ და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტებს გაუწევს კურირებას.
1995-2002 წლებში ბატიაშვილი საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში მსახურობდა; 2002–დან 2004 წლამდე პერიოდში, როდესაც ამჟამინდელი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია უშიშროების მინისტრის მოადგილე იყო, ბატიაშვილს უშიშროების სამინისტროს კონსტიტუციური წყობილების დაცვის სამსახურის განყოფილების უფროსის და უშიშროების სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობები ეკავა. 2004-2009 წლებში ის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს თავმჯდომარე იყო, ხოლო 2012 წლის ოქტომბრიდან შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.
„მან წლების განმავლობაში დაადასტურა, რომ ის იყო ძალიან მაგარი მენეჯერი, უწესიერესი ადამიანი; მას ვენდობოდით წარსულშიც და ბოლო ერთი წლის განმავლობაში მართლაც შეძლო შინაგან საქმეთა სამინისტროში განეხორციელებინა ძალიან ეფექტური, სწრაფი რეფორმები“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ 23 ნოემბერს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)