პრეზიდენტმა მარგველაშვილმა შეწყალების კომისია განაახლა
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეწყალების კომისიის ახალ თავმჯდომარედ 26 ნოემბერს ჟურნალისტი ალექსანდრე ელისაშვილი და კომისიის წევრთა განახლებული შემადგენლობა წარადგინა.
ელისაშვილმა, რომელიც ტელეკომპანია კავკასიის თოქ-შოუების წამყვანია, შეწყალების კომისიაში ელენე თევდორაძე შეცვალა, რომელიც კომისიას 2004 წლის ივნისიდან ცხრა წელზე მეტი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.
თავმჯდომარის ცვლილებასთან ერთად, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა მნიშვნელოვნად გადაახალისა კომისიის შემადგენლობა და ახალი წევრები, როგორც მან აღნიშნა, იმ კრიტერიუმების საფუძველზე შეარჩია, რომ ისინი სარგებლობენ საზოგადოების ნდობით და არ არიან დაკავშირებული რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან.
კომისიის წევრებად დაინიშნენ: სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, რომელიც წინამორბედი კომისიის წევრიც იყო; საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს დირექტორი ეკა გიგაური; იურისტები: ლია მუხაშავრია და თამარ ხიდაშელი; ჟურნალისტი ზვიად ქორიძე; ფსიქოლოგი თეა გოგოტიშვილი; მწერლები: კოტე ჯანდიერი, ბასა ჯანიკაშვილი და გივი შაჰნაზარი; ეს უკანასკნელი ძველი კომისიის წევრი იყო, ისევე როგორც ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე, რომელმაც ასევე შეინარჩუნა კომისიაში ადგილი.
ალექსანდრე ელისაშვილმა განაცხადა, რომ კომისია შესაწყალებელთა პირველ სიებს პრეზიდენტს ახალი წლისთვის წარუდგენს.
შეწყალების კომისია არის პრეზიდენტის მიერ შექმნილი სათათბირო ორგანო, რომელიც განიხილავს იმ მსჯავრდებულთა საქმეებს, რომელთაც შეწყალების მიღება სურთ და დადებითი დასკვნის შემთხვევაში, პრეზიდენტის წინაშე შუამდგომლობს შეწყალების თხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე, რაზეც საბოლოო გადაწყვეტილებას პრეზიდენტი იღებს.
ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რამოდენიმეჯერ გახდა კრიტიკის სამიზნე იმის გამო, რომ ის შეწყალების კომისიის გვერდის ავლით იწყალებდა მსჯავრდებულებს კომისიის დებულებაში 2005 წელს შესული იმ ცვლილების საფუძველზე, რომელიც მას შეწყალების დადგენილი წესების დაცვის გარეშე ანიჭებდა ამგვარ უფლებამოსილებას.
სავარაუდოდ ამ უფლებასთან მიმართებაში პრეზიდენტმა მარგველაშვილმა 26 ნოემბერს განაცხადა, რომ ახალი კომისია იმუშავებს კომისიის დებულების სრულყოფაზე, რათა „ის უფრო დაიხვეწოს და გახდეს უფრო ეფექტური“.