ალექსი პეტრიაშვილი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი 27 ნოემბერს ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივანს ანდერს ფოგ რასმუსენს შეხვდა.

პეტრიაშვილმა, რომელსაც ასევე ახლდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი, ასევე მონაწილეობა მიიღო ნატო–საქართველოს კომისიის სხდომაში.

ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიის და ცენტრალური აზიის საკითხებში ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსთან გამართული შეხვედრის დროს საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ „მკაფიოდ დაადასტურეს საქართველოს ნათელი და ურყევი გზა ნატოსკენ, საქართველოს პროგრესსა და მიმდინარე რეფორმებზე დაყრდნობით“.

„მათ უამრავი მილოცვა მიიღეს ყველასგან ბოლოდროინდელ წინსვლასთან დაკავშირებით და ძლიერი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ – მათ შორის როდესაც საქმე ეხება რუსეთის მიერ ‘საზღვრის მოწყობის’ პროცესს. ამ მხრივ, ევროკავშირთან საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ ხელშეკრულების პარაფირება მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმისათვის, რომ საქართველოს სვლა ევროატლანტიკურ გზაზე შეუქცევადი გახდეს,“ – წერს ჯეიმს აპატურაი თავის Facebook-ის გვერდზე 28 ნოემბერს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)