აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ეწვევა

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდი 6 დეკემბერს თბილისს ესტუმრება იმ ტურნეს ფარგლებში, რომელიც მოიცავს ვიზიტებს ბელგიაში, მოლდოვაში, უკრაინაში, საქართველოსა და რუსეთში.

თბილისში იგი ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლებს და ოპოზიციის ლიდერებს შეხვდება, რომლის დროსაც განიხილავს ორმხრივ და რეგიონალურ საკითხებს, ასევე საქართველოს კურსს ევროპისკენ. იგი ასევე მონაწილეობას მიიღებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტმა ორშაბათს.

თბილისამდე ნულანდი ბრიუსელს სტუმრობს სახელმწიფო მდივანთან  ჯონ კერისთან ერთად; ბრიუსელიდან იგი ასევე კერისთან ერთად მოლდოვაში ჩავა. 5 დეკემბერს ნულანდი უკრაინას ესტუმრება ეუთოს მინისტერიალში მონაწილეობისთვის. თბილისის შემდეგ ნულანდი მოსკოვში გაემგზავრება.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)