ევროკავშირი–საქართველოს თანამშრომლობის საბჭოს შეხვედრა ბრიუსელში გაიმართება

საქართველო და ევროკავშირი თანამშრომლობის საბჭოს ყოველწლიურ შეხვედრას ბრიუსელში 12 დეკემბერს გამართავენ, რომელიც პირველი შეხვედრა იქნება მას შემდეგ, რაც საქართველომ ნოემბერში ვილნიუსის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირებას მიაღწია. 

„ეს მნიშვნელოვანი შეხვედრაა, რადგან მან გარკვეულწილად უნდა განსაზღვროს ის ამოცანები, რომლებიც ჩვენ შესასრულებელი გვაქვს ვილნიუსის სამიტის შემდეგ“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ, რომელიც საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს, რომლის შემადგენლობაშიც ასევე შედიან სახელმწიფო მინისტრი ევროპის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, ალექსი პეტრიაშვილი და სხვა ოფიციალური პირები.

შეხვედრაში ასევე მიიღებენ მონაწილეობას ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი, რომლის ქვეყანაც ევროკავშირის თავმჯდომარეა, და გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი შტეფან ფულე.

10 დეკემბერს ევროპარლამენტში ვილნიუსის სამიტის შედეგების განხილვისას, რომელმაც ძირითადად უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე გაამახვილა ყურადღება, შტეფან ფულემ განაცხადა, რომ ევროკომისიას გადაწყვეტილი აქვს საქართველოსთან და მოლდოვასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებებს 2014 წლის შემოდგომისთვის მოაწეროს ხელი.

მან ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირი „უფრო სტრატეგიული და ურყევი უნდა იყოს“.

„შეგვეძლო თუ არა უფრო მეტი გაგვეკეთებინა, ვიდრე მხოლოდ იმის გამეორება, რომ ჩვენ მივესალმებით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროპულ მისწრაფებას?“, – იკითხა ფულემ და განაგრძო, „ვფიქრობ, მოვიდა დრო, რომ უფრო სტრატეგიულები ვიყოთ, და თუ ვამბობთ „ა“–ს და გვინდა, რომ ევროპის ამ ნაწილის ტრანსფორმაცია მოვახდინოთ, ჩვენ საბოლოოდ მზად უნდა ვიყოთ, რომ ვთქვათ „ბ“, რომ ჩვენ მზად ვართ გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველაზე შესაფერისი ინსტრუმენტი ტრანსფორმაციისთვის. გვირაბის ბოლოს სინათლე არ ჩანს“.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)