თბილისის მერიის ორი ყოფილი თანამშრომელი გირაოთი გათავისუფლდნენ
თბილისის მერიის ორი ყოფილი თანამშრომელი, რომელთაც სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ედებათ ბრალი, თითოეული 400 000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს 18 დეკემბერს.
ძველი თბილისის რაიონის ყოფილი გამგებელი ლაშა ფურცხვანიძე და მისი ყოფილი მოადგილე კობა ხარშილაძე 16 დეკემბერს დააკავეს და მათი კომპანიის „გრინსერვისის“ საქმიანობასთან დაკავშირებით წარუდგინეს ბრალი. ეს კომპანია თბილისის მერიის კონტრაქტორი იყო და ძირითადად გამწვანების სფეროში უწევდა დედაქალაქს მომსახურებას. კომპანია და მისი სადავო გარიგებები მერიასთან მას შემდეგ მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში, რაც გაჟღერდა ბრალდებები კონტრაქტების გაბერილ ხარჯებთან დაკავშირებით.
ორი ყოფილი თანამდებობის პირის დაკავება სხვა მიზეზების გამოც მოექცა მედიის ყურადღების ცენტრში. სანამ თბილისის მერიაში დაიწყებდა მუშაობას, კობა ხარშილაძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას დაცვის უფროსი იყო, როცა ის 2005 წლის თებერვალში გარდაცვლილი იპოვეს. მართალია ხარშილაძის დაკავება სულ სხვა საქმეს უკავშირდება, რომლის გამოძიებაც წინა ხელისუფლების დროს დაიწყო, მაგრამ ეს ფაქტი ზოგიერთებმა მაინც ჟვანიას საქმის გამოძიებას დაუკავშირეს, რომელიც ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაახლოებით ერთი წლის განახლდა.
„ძალიან დიდი ეჭვი მიჩნდება, რომ [ხელისუფლებას] უნდათ კონკრეტულად მე ჩამაგდონ რაღაც ტიპის კაუჭად, როდესაც ყოველთვის ვიქნები მათ გარშემო“, – განუცხადა ხარშილაძემ ჟურნალისტებს 18 დეკემბერს სასამართლო მოსმენის შემდეგ.
ბრალდების მხარე ორივე მათგანისთვის წინასწარ პატიმრობას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ მათი გირაოთი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ისინი გაასაჩივრებენ ამ გადაწყვეტილებას და ზემდგომ ინსტანციაში გირაოს ოდენობის შემცირებას მოითხოვენ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)