ღარიბაშვილის თქმით, საქართველო ასოცირების შეთანხმების ხელმოსაწერად აგვისტოსთვის მზად იქნება
საქართველო სწრაფად მიიწევს წინ, რათა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხების ხელმოსაწერად საჭირო მოთხოვნები დააკმაყოფილოს და ამისთვის აგვისტოსთვის იქნება მზად, განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 20 დეკემბერს და მიესალმა ხელმოწერის დაჩქარების თაობაზე ევროკავშირის გადაწყვეტილებას.
ევროკავშირის ლიდერებმა ბრიუსელში გამართულ ორდღიან სამიტზე მიიღეს გადაწყვეტილება, დააჩქარონ პროცესი და საქართველოსთან და მოლდოვასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებებს „რაც შეიძლება სწრაფად მოაწერონ ხელი, არაუგვიანეს 2014 წლის აგვისტოს ბოლოსი“.
„ჩვენ გვინდა, რომ დავაჩქაროთ მათთან შეთანხმებების ხელმოწერა, ყველაზე გვიან მომავალი წლის აგვისტოსთვის“, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპუიმ ბრიუსელში 20 დეკემბერს.
20 დეკემბერს ბრიუსელში პრესკონფერენციაზე საუბრისას გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ გადაწყდა ხელმოწერისთვის მომზადდეს შეთანხმებები მოლდოვასა და საქართველოსთან, „განსაკუთრებით მოლდოვასთან“ არა უგვიანეს აგვისტოსი. მისი თქმით, ამას დაჩქარებული პროცედურები სჭირდება, მაგრამ „ჩვენ მზად ვართ“ ამისთვის.
"სიმართლე გითხრათ, ჩვენ ველოდით ევროკავშირისგან ამ პროცესის დაჩქარებას და ძალიან სასიხარულოა, რომ ასოცირების ხელშეკრულებას შესაძლოა ხელი მოეწეროს აგვისტოში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
როდესაც მას ამ გზაზე არსებული გამოწვევების და ასევე იმის შესახებ ჰკითხეს, მზად არის თუ არა ხელისუფლება ამ გამოწვევებისთვის, პრემიერ–მინისტრმა უპასუხა: „რაიმე სერიოზულ და საგანგაშო გამოწვევებს ჩვენ არ ველოდებით, ყველაფერი კარგად მიდის".
სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა, რომ ევროკავშირის მიერ პროცესის დაჩქარებისთვის მზადყოფნა იმის მაჩვენებელია, რომ ევროკავშირი კვლავაც მზად არის მხარი დაუჭიროს მის აღმოსავლელ პარტნიორებს იმ გამოწვევების ფონზე, რომლის წინაშეც ეს ქვეყნები დგანან.
საქართველომ და მოლდოვამ ასოცირების შესახებ შეთანხმებების პარაფირება ნოემბრის ბოლოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტზე განახორციელეს.
სექტემბერში ევროკომისიის წარმომადგენლებმა დაადასტურეს განზრახვა, რომ დააჩქარონ პროცესი და მოამზადონ ასოცირების შესახებ შეთახმებები საქართველოსთან და მოლდოვასთან, რათა მოქმედი კომისიის უფლებამისილების ვადის ამოწურვამდე მოხდეს მათი ხელმოწერა – ეს ვადა 2014 წლის 31 ოქტომბერს იწურება. მანამდე, ხელმოწერის პოტენციურ ადგილად და თარიღად განისაზღვრა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი რიგაში 2015 წელს. ვან რომპუის მიერ 20 დეკემბერს გაკეთებულ განცხადებამდე, ევროკავშირის და საქართველოს ოფიციალური პირები ხელმოწერის შესაძლო ვადად 2014 წლის სექტემბერს ასახელებდნენ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)