იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ ახალი მთავარი პროკურორის შერჩევაში არ მონაწილეობს

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, რომელიც კანონით უფლებამოსილია წარუდგინოს მთავარი პროკურორის კანდიდატურა პრემიერ–მინისტრს დასანიშნად, განაცხადა, რომ მას არ აქვს ინფორმაცია შესაძლო კანდიდატების შესახებ მიმდინარე კონსულტაციების შესახებ.

„მთავარი პროკურორის კანდიდატურის შერჩევაზე მუშაობს საქართველოს პრემიერ მინისტრი. ჩემთვის არ არის ცნობილი რომელ გვარებზე შეიძლება იყოს საუბარი“, – განუცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს 16 იანვარს.

მანამდე იმავე დღეს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა პრესკონფერენციაზე, რომ ახალი მთავარი პროკურორის შესარჩევად კონსულტაციები მიმდინარეობს –  ეს პოსტი 30 დეკემბერს გახდა ვაკანტური მას შემდეგ, რაც ოთარ ფარცხალაძე გერმანიაში მის დანაშაულებრივ წარსულთან დაკავშირებით ატეხილი სკანდალის გამო გადადგა.

კითხვაზე მონაწილეობს თუ არა კონსულტაციებში იუსტიციის მინისტრი, ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ ყველა მონაწილეობს და მათ სურთ, რომ ღირსეული კანდიდატი შეარჩიონ. 

სწორედ ღარიბაშვილმა გააკეთა პირველი საჯარო განცხადება 8 ნოემბერს, რომ ამ პოსტზე ფარცხალაძის დანიშვნას გეგმავდა; მაშინ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ის პირადად არ იცნობდა ფარცხალაძეს, თუმცა დასძინა, რომ იგი ენდობოდა ღარიბაშვილის არჩევანს.

რვა არასამთავრობო ორგანიზაციამ სინანული გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ იუსტიციის მინისტრი „ჩამოცილებულია“ მთავარი პროკურორის კანდიდატურის შერჩევის პროცესს.

„კანონის მოთხოვნას წარმოადგენს, რომ იუსტიციის მინისტრმა თავად აიღოს პასუხისმგებლობა მთავარი პროკურორის კანდიდატურის შერჩევასთან დაკავშირებით… იუსტიციის მინისტრის განცხადებიდან კი ირკვევა, რომ, კანონის მოთხოვნის მიუხედავად, იგი  ჩამოცილებულია მთავარი პროკურორის კანდიდატურის შერჩევის პროცესს“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომლის თანახმადაც, „ყოველივე ზემოაღნიშნული გვაფიქრებინებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს განზრახული აქვს, ერთპიროვნულად შეარჩიოს კანდიდატი, რომელიც მთავარი პროკურორის თანამდებობას დაიკავებს“.

ამავე განცხადების თანახმად, ყოფილი მთავარი პროკურორის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა, მათ შორის ნასამართლობასა და იურიდიულ განათლებასთან დაკავშირებით გაჩენილმა შეკითხვებმა, ნათლად წარმოაჩინა კანდიდატურის შერჩევის მნიშვნელობა.

„უდავოა, რომ კანონი, იუსტიციის მინისტრს მთავარი პროკურორის კანდიდატის შერჩევისას განსაკუთრებულ უფლებამოსილებას ანიჭებს. ამის გათვალისწინებით სამწუხაროა, ის განცხადება, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში იუსტიციის მინისტრის  მიერ გაჟღერდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

„ამგვარი განცხადება მიუთითებს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება იუსტიციის მინისტრის მონაწილეობას მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში ფორმალურ მნიშვნელობას ანიჭებს, რითაც აკნინებს კანონის შინაარსს“, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

განცხადებას ხელს აწერენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდა”.

This post is also available in: English (ინგლისური)