ლავროვი საქართველოსთან ურთიერთობების შესახებ საუბრობს
მოსკოვი „აფასებს“ საქართველოს სურვილს, რომ წვლილი შეიტანოს სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშების უსაფრთხოებაში, მაგრამ მიუხედავად ორმხრივ ურთიერთობებში „გაუმჯობესების ყველა ნიშნისა“, საქართველოს უარი აღიაროს ის „რეალობები“, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ წარმოიშვა, ურთიერთობის „შემაფერხებელ“ ფაქტორად რჩება, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 21 იანვარს.
როდესაც ლავროვს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე ჰკითხეს, თუ როგორია საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის პერსპექტივები და გააუქმებს თუ არა რუსეთი სავიზო რეჟიმს საქართველოს მოქალაქეებისთვის, მან უპასუხა: „პერსპექტივები ჩვენზე არაა დამოკიდებული; საქართველო იყო დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის ინიციატორი, ამიტომ უმჯობესია ეს კითხვა თბილისს დაუსვათ“.
„მე უკვე გავაკეთე კომენტარი ამ საკითხზე და პრეზიდენტმა პუტინმაც ისაუბრა ამის შესახებ. პრინციპში ჩვენ მომხრე ვართ იმისა, რომ მაქსიმალურად გავამარტივოთ კონტაქტები ხალხებს შორის. მაგრამ ეს შესაძლოა განიხილებოდეს ჩვენი ურთიერთობების საერთო კონტექსტში, რომელიც იმ ასპექტსაც მოიცავს, რომელიც თქვენ ახსენეთ [დიპლომატიური ურთიერთობები]. დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობა თანამშრომლობის მთელ რიგ სხვა მიმართულებებს აფერხებს. მაგრამ ყველაფერი არ არის დამოკიდებული ფორმალობაზე; დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს და ამიტომ ყველაფერი დაბლოკილია – ეს ასე არ არის. მთავარი პრობლემა ისაა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია იმ სიტუაციის შეცვლა, რომელიც სააკაშვილის მიერ ომის წამოწყების შემდეგ წარმოიშვა“, – განაცხადა ლავროვმა, რომელსაც რუსეთის მიერ სეპარატისტული აფხაზეთის დ სამხრეთ ოსეთის აღიარება ჰქონდა მხედველობაში.
„მცდელობა, რომ რაიმე პროგრესს მივაღწიოთ ჩვენ პოლიტიკურ კონტაქტებში იმ პირობით, თუ რუსეთი უარს იტყვის არსებული რეალობების აღიარებაზე, უპერსპექტივო, უშედეგო, კონტრპროდუქტიულია და არაფერს მოგვიტანს“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
„სამწუხაროდ, მიუხედავად ჩვენს ურთიერთობებში არსებული გაუმჯობესების ნიშნებისა და კონკრეტული ნაბიჯებისა ვაჭრობის, ტრანსპორტისა და ხალხებს შორის კონტაქტების კუთხით … და ჩვენ ვაფასებთ ჩვენი ქართველი მეზობლების სწრაფვას წვლილი შეიტანონ სოჭის ოლიმპიადის დროს უსაფრთხოების საქმეში, ძალიან ხშირად პრაქტიკულ საკითხებზე ჩვენ ვაწყდებით საქართველოს მიერ იმ რეალობების არაღიარების პრობლემას, რომელიც რეგიონში წარმოიშვა. ეს ჩვენ პერიოდულად შეგვაფერხებს და ხელს შეუშლის ჩვენ ურთიერთობებს. ჩვენ მზად ვართ ყველაზე ახლო კონტაქტებისთვის სხვადასხვა სფეროებში, თუმცა იმის გათვალისწინებით, რაზეც უკვე ვისაუბრე. ეს რეალობები ჩამოყალიბდა და მათი შეცვლა არ შეიძლება“, – განაცხადა ლავროვმა.
21 იანვარს თბილისში პრესკონფერენციაზე საუბრისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა „წითელი ხაზია“, რომელსაც თბილისი არასდროს გადაკვეთს მოსკოვთან ურთიერთობაში.
„რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას ვახდენთ მხოლოდ და მხოლოდ ამ წითელი ხაზებისა და იმ ძირითადი პრინციპების შენარჩუნებით, რასაც ქვია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. ამის საზიანოდ არ მოხდება არავისთან, მათ შორის არც რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება“, – განაცხადა ფანჯიკიძემ და დასძინა, რომ მთელი ძალისხმევა მიმართული იქნება მოსკოვსა და თბილისს შორის არსებული განსხვავებული პოზიციების დაახლოებისკენ და იმისკენ, რომ „ადრე თუ გვიან ჩვენ მივაღწიოთ სიტუაციის შეცვლას“.
მან ასევე აღნიშნა რუსეთთან ურთიერთობებში ბოლო ერთი წლის მანძილზე მიღწეული „პროგრესი“, მათ შორის რუსული ბაზრის გახსნა ქართული პროდუქციისთვის.
„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ურთიერთობები გაგრძელდება და იგი დადებით გავლენას მოახდენს პოლიტიკურ სიტუაციაზეც“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველომ რუსეთს თანამშრომლობა შესთავაზა სოჭის ოლიმპიური თამაშების უსაფრთხოების საქმეში. „ეს შეთავაზება რუსეთის მხარემ რამდენჯერმე მიიღო ბატონი ზურაბ აბაშიძისგან [საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში]. კონკრეტული პასუხი ამ საკითხზე ჩვენ რუსეთისგან არ მიგვიღია“, – განაცხადა ფანჯიკიძემ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)