თავდაცვის სამინისტრომ ინტეგრირებული ქსელების მანქანის პრეზენტაცია გამართა



ახალი  კავშირგაბმულობის მანქანა სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ არის წარმოებული  და ის მსუბუქი  ჯავშანმანქანის „დიდგორის“ უნიფიცირებული პლატფორმის ბაზაზე შეიქმნა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 28 იანვარს ოპერატიულ-ტაქტიკური დონის კავშირგაბმულობის მანქანის პრეზენტაცია გამართა.

თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ახალი  კავშირგაბმულობის მანქანა სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ არის წარმოებული  და ის მსუბუქი  ჯავშანმანქანა „დიდგორის“ უნიფიცირებული პლატფორმის ბაზაზე შეიქმნა. „დიდგორის“ პრეზენტაცია 2011 წელს გაიმართა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის ინფორმაციით, ახალი მანქანა ამერიკული თავდაცვითი კავშირგაბმულობის და საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანია Harris Corp-ის მიერ წარმოებული კავშირგაბმულობის სისტემითაა აღჭურვილი. თავდაცვის სამინისტრომ არც უარყო და არც დაადასტურა ეს ინფორმაცია.

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ ამ ტიპის მანქანის წარმოება „დელტას“ საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა დაუკვეთა რუსეთთან 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად მიღებული გამოცდილების საფუძველზე.

„მთავარი არის ის, რომ ჩვენ გავითვალისწინეთ 2008 წლის ძალიან ცუდი გამოცდილება, როდესაც აგრესიული ომი აწარმოეს საქართველოს წინააღმდეგ. ჩვენს შეიარაღებულ ძალებს ყველაზე მეტი დეფიციტი ჰქონდა სწორედ კავშირგაბმულობაში, მართვის სისტემაში“, – განაცხადა ალასანიამ,  „მთავარია ის, რომ დღეს აქვთ საიმედო კავშირგაბმულობა ბატალიონების დონეზე“.

მისი თქმით, ამჟამად „დელტა“სხვა პროექტებზე მუშაობს და აქცენტი ინდივიდუალური დაცვის საშუალებების საქართველოში წარმოებაზე არის გადატანილი.

„ქართული ინდუსტრია ნელ-ნელა ვითარდებოდა წლების განმავლობაში და ახლა მივედით იმ ეტაპამდე, როდესაც არის გარკვეული მიმართულებები, რომლის ავტონომიურად წარმოებასაც შეძლებს საქართველო, რაც ჩვენი ჯარისთვის არის მნიშვნელოვანი და იმედი მაქვს, რომ საექსპორტო შესაძლებლობებიც გაუჩნდება ამ მანქანას“, – განაცხადა ალასანიამ ახალი სამხედრო მანქანის პრეზენტაციის ფარგლებში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)