პრემიერი ღარიბაშვილი აშშ-ის თავდაცვის მდივანს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 1 თებერვალს აშშ-ის თავდაცვის მდივანს ჩაკ ჰეიგელს შეხვდა მიუნხენის უსაფრთხოების 50-ე კონფერენციის ფარგლებში.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის თანახმად, შეხვედრაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, საუბარი შეეხო ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს და მის პერსპექტივებს, „განსაკუთრებული ყურადღება" თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებზე გამახვილდა იმასთან ერთად, რომ აღინიშნა საქართველოს წვლილი ავღანეთში ISAF-ის სამშვიდობო მისიაში.
მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი ასევე შეხვდა გაეროს გენერალურ მდივანს ბან კი მუნს; დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრს ფილიპ ჰამონდს; სერბეთის პრემიერ-მინისტრს ივიცა დაჩიჩს; ხორვატიის პრეზიდენტს ივო იოსიპოვიჩს; ბულგარეთის პრეზიდენტს როსენ პლევნელიევს; სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მიროსლავ ლაიჩაკს; ეუთოს გენერალურ მდივანს ლამბერტო ზანიერის; სლოვენიის პრემიერ-მინისტრს ალენკა ბრატუშეკს.
მან ქართულ დელეგაციასთან ერთად ასევე გამართა შეხვედრები გერმანიის ინდუსტრიის გაერთიანების პრეზიდენტთან ულრიხ გრილოსთან, აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივანთან ჰენრი კისინჯერთან, აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს პრეზიდენტთან ფრედერიკ კემპესთან და ამერიკის სენატორთა და კონგრესმენთა გაფართოებულ ჯგუფთან, რომელსაც რესპუბლიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი ხელმძღვანელობდა.
ამერიკულ დეპუტაციასთან შეხვედრის შემდეგ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა სექტემბერში უელსში დაგეგმილი ნატოს მომავალი სამიტი იყო.
„ერთ-ერთი მთავარი და ძირითადი თემა დიდი ბრიტანეთში დაგეგმილი ნატოს მომავალი სამიტი იყო, ასევე ის შანსები, რომელიც საქართველოსა და სხვა ასპირანტ ქვეყნებს აქვთ, რათა სოლიდური ნაბიჯები გადავდგათ წინ მეტი ინტეგრაციისკენ. ვისაუბრეთ, თუ რამხელა კონტრიბუცია აქვს საქართველოს დღეს, ასევე საქართველოს შეერთებას სწრაფი რეაგირების ძალებში. აქედან გამომდინარე, რაც უფრო მაღალია სამხედროების ინტეგრაცია – ეს პოლიტიკურ დაახლოებასა და საქართველოსა და ნატოს შორის უფრო ღრმა ინტეგრაციას მოიტანს“, – განაცხადა ალასანიამ თავდაცვის სამინისტროს თანახმად.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)