ივანიშვილი: ‘საზოგადოებამ უნდა გადალახოს ის ბარიერი, რომ ეკლესიის თემა არის ტაბუდადებული’

ახლადდაფუძნებული საზოგადოებრივი ორგანიზაციის „მოქალაქის“ ხელმძღვანელმა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე საუბრისას განაცხადა, რომ საზოგადოებამ უნდა დაძლიოს ის ბარიერი, რომ ეკლესიის თემა არის „ხელშეუხებელი“ და მიუთითოს იმ პრობლემებზე, რომელიც არსებობს ეკლესიაში, რადგან სასულიერო პირები საჭიროებენ ამგვარ „კრიტიკას“. 

„მეც შევდივარ საზოგადოების იმ ნაწილში, რომელიც უდიდეს პატივს სცემს საკუთარ ისტორიას, საკუთარ ტრადიციებს, საკუთარ ეკლესიას, ჩვენ მართლმადიდებლობას, ჩვენს ქრისტიანობას… უდიდეს პატივს ვცემ თვითონ პატრიარქს, მე ვფიქრობ, რომ ძალიან თბილი ურთიერთობა მაქვს და ძალიან მიყვარს, მაგრამ საზოგადოებამ უნდა გადალახოს ის ბარიერი,  რომ ეკლესიის თემა არის ტაბუდადებული და იქ რაც ითქმება და როგორც ითქმება, არის უმწიკვლო და ხელშეუხებელი პატრიარქი ბრძანებს თუ სხვა ეკლესიის მსახური  – ეს დამოკიდებულება, ჩემი აზრით, არის  ზედმეტად გაფეტიშებული და გადაჭარბებული და ეს არ უნდა იყოს ასე“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა „მოქალაქის“ საპრეზენტაციო პრესკონფერენციაზე 4 თებერვალს.

ამგვარი საჯარო განცხადება პირველად ივანიშვილმა 2013 წლის აპრილში მაშინ გააკეთა, როცა ის ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრი იყო.

„არ საჭიროებს ამას პატრიარქი თვითონ პირადად, ცუდ სამსახურს უწევენ და არ საჭიროებს არც ეკლესია ამ დამოკიდებულებას“, – განაცხადა მან სამშაბათს პრესკონფერენციაზე საუბრისას.

„ეკლესიაში, ჩემი აზრით, არის იგივე პრობლემები, რაცაა საზოგადოებაში, არ არის ნაკლები და ესეც უნდა იყოს“, – განაგრძო მან, „[ეკლესია] ჩვენი საზოგადოების ნაწილია, ეკლესიის მსახურნი არიან ჩვენი თანამოქალაქეები, ჩვენნაირი ხალხნი არიან ისინიც, მათი სამსახური არის ის, აირჩიეს სადაც არიან და იქ აკეთებენ და ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობებს“.

„შესაბამისად, დამოკიდებულება საზოგადოებაში რაც არსებობს, რომ  ეკლესიის თემა არის ტაბუდადებული, ჩემი აზრით, არის შეურაცხმყოფელი ჩვენი საზოგადოებისათვის და არ საჭიროებს ამას თვითონ ეკლესია და არ არის სწორი საზოგადოების ეს დამოკიდებულება“, – აღნიშნა ივანიშვილმა.

„ისევე შეიძლება კრიტიკა, ისევე შეიძლება შეეშალოთ იქაც, ისევე შეიძლება მოხდეს იქაც ცუდი ამბები და ისევე შეიძლება იყოს დარღვევებიც და გაუგებრობებიც ეკლესიაში და არის კიდეც, ჩვენ ეს კარგად ვიცით. იქაც არის ეს და მე ძალიან ბევრი ვიცი და თქვენც ძალიან ბევრი იცით და ნუ გეშინიათ ამაზე საუბრის“, – მიმართა მან ჟურნალისტებს.

„თუ გინდათ რომ უკეთესი იყოს [ეკლესია], ჩვენ უნდა ვისაუბროთ. ისინიც საჭიროებენ კრიტიკას, ისინიც საჭიროებენ მითითებას და მინიშნებასაც“, – განაცხადა მან.

ბიძინა ივანიშვილმა ეკლესიის თემაზე მას შემდეგ ისაუბრა, რაც ჟურნალისტმა დაუსვა მას შეკითხვა, თუ რა ფიქრობდა პატრიარქის საშობაო ეპისტოლეზე, სადაც გაკრიტიკებული იყო სუროგაციის თემა და ხელოვნური განაყოფიერების გზით ბავშვის გაჩენის მეთოდი.

„აი ამ თემამაც იმიტომ გამოიწვია საზოგადოებაში ის დიდი ვნებათაღელვა, რაც გამოიწვია. და ამ დროს ყველას შეიძლება შეეშალოს, პატრიარქსაც შეიძლება შეეშალოს ან პატრიარქმა შეიძლება ბრძანოს ის, როგორც თვითონ უყურებს, მაგრამ ჩვენ არ გავიზიაროთ. ეს ნორმალურია. არ გვინდა ეს დოგმები, არ არის ეს საჭირო და თვითონ პატრიარქი ამას არ საჭიროებს“, – განაცხადა ივანიშვილმა. 

„თუ გავიხსენებთ ისტორიას, წამლების წინააღმდეგი იყო ეკლესია ოდესღაც, დღეს მშვენივრად წამლობენ თავადაც და შესაბამისად, როდესაც ცოლსა და ქმარს საშუალება არ აქვს შვილის გაჩენის და ამაში მედიცინა ერევა და ახალი სიცოცხლე ჩნდება, აქ საკამათო არაფერი არ არის, ჩემი გადმოსახედიდან“, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ „ამაყობს“ იმით, რომ წლების წინ თავად გაუწია დახმარება ახლობლის ოჯახს, რომელსაც 10 წელი შვილი არ ჰყავდა, ხელოვნური განაყოფიერების გზით შვილის შეძენაში.

ამ მეთოდისგან განსხავევბით, ივანიშვილის თქმით, ისევე როგორც დასავლეთის ქვეყნებში, საქართველშიც შესაძლოა "ოდნავ საკამათო" იყოს სუროგაციის თემა და ამის კომერციალიზაცია, რაც, მისი თქმით, კანონმდებლობით უნდა დაიხვეწოს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)