ივანიშვილმა მის მიერ დაფუძნებულ საზოგადოებრივი ორგანიზაციის გეგმებზე ისაუბრა

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა 4 თებერვალს, რომ მისი ახლადდაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქე“ ძირითად აქცენტს მედიაში პროფესიონალიზმის ზრდის ხელშეწყობაზე გააკეთებს და დაეხმარება საზოგადოებას, რომ  მის მიერ დაქირავებული მთავრობა მუდმივი კონტროლის ქვეშ ჰყავდეს.

ხანგრძლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას, რომელიც პირველი შეხვედრა იყო მედიასთან მას შემდეგ, რაც მან ნოემბერში მთავრობის მეთაურის პოსტი დატოვა, ივანიშვილმა მისი ახალი საზოგადოებრივი ორგანიზაციის ზოგადი მიზნები აღწერა და განაცხადა, რომ კონკრეტულ პროექტებზე საბოლოო პოზიცია შემუშავებული არ არის.

„არ მოვა სანატრელი მთავრობა და არც უნდა ელოდოთ; საზოგადოება უნდა იყოს ფილტრი და საზოგადოება უნდა იყოს განმსაზღვრავი და განმკარგავი ყველაფრის და უნდა იცოდნენ, რომ ისინი არიან დაქირავებულნი და უნდა გააკეთონ ისე, როგორი სურვილიც გააჩნია საზოგადოებას. თუ ეს თვისებები არ გამოვიმუშავეთ დროზე, ნანატრი მთავრობა ვერ გვეყოლება“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

მისი თქმით, „მოქალაქის“ პრიორიტეტი იქნება „საზოგადოების დახმარება“ მთავრობის დაქირავების უნარების განვითარებაში, რაც ნიშნავს იმას, რომ „მხოლოდ ასეთი პასუხისმგბლობით გამსჭვალული მოქალაქე  შეძლებს  სწორი არჩევანი გააკეთოს, სწორად დაიქირავოს და სწორად აკონტროლოს ხელისუფლება". მედიის საკითხებთან დაკავშირებით, მან განაცხადა, რომ მისი ორგანიზაცია დააფინანსებს კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრეინინგებს ჟურნალისტებისთვის და ასევე დაუკვეთავს კვლევას, რომელიც მუდმივი დაკვირვების გზით  მედიის ხარისხს გაზომავს.  

როცა მას ჰკითხეს დაესახელებინა სამი საკითხი მაინც, რომელზეც ამჟამინდელი მთავრობა მის კრიტიკას იმსახურებს, ივანიშვილმა უპასუხა, რომ იმ წუთას ვერცერთს ვერ იხსენებდა.

მან განაცხადა, რომ „ძალიან კმაყოფილია“ მთავრობით, რომელიც  მისი თქმით, „ევროპული ტიპის ხელისუფლებას“ წარმოადგენს. 

„საქართველოს დღეს ყავს კარგი ხელისუფლება“, – განაცხადა ივანიშვილმა, „მაგრამ მე ისიც კარგად მესმის, რომ საზოგადოება არ უნდა დაწყნარდეს და არ უნდა დაკმაყოფილდეს და მიდის კიდეც ეს პროცესი“.

კითხვაზე თუ რა ფორმებს აირჩევს ის მთავრობის გასაკრიტიკებლად, თუ ეს საჭირო გახდა, ივანიშვილმა უპასუხა, რომ ამის გაკეთება შეუძლია როგორც საჯაროდ, მედიის მეშვეობით, ისე პირდაპირი კონტაქტით მთავრობის წევრებთან. 

მოგვიანებით პრესკონფერენციის მსვლელობისას, როცა სხვა თემებზე პასუხობდა, მან განაცხადა: „კრიტიკაზე თუ გაინტერესებთ, ღარიბაშვილს გავაკრიტიკებდი, რომ გამოიყენა არასწორად ტერმინი, რომ ჩვენ ახალი ხელისუფლების პირობებში გვქონდა ეკონომიკური ვარდნა; არ ვეთანხმები მე ამას, რომ ჩვენ გვქონდა ეკონომიკური ვარდნა; ჩვენ მოვედით და დავიწყეთ ეკონომიკის გაჯანსაღება“. 

ივანიშვილს არ დაუკონკრეტებია, თუ პრემიერ ღარიბაშვილის რომელ კონკრეტულ განცხადებას გულისხმობდა. სულ ბოლოს პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკის შესახებ 1 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ისაუბრა, სადაც მან თქვა, რომ  ადგილი ჰქონდა ეკონომიკური ზრდის „შენელებას“. მას არ გამოუყენებია ტერმინი „ვარდნა“. მისი მისამართით ივანიშვილის კრიტიკის საპასუხოდ ღარიბაშვილმა 4 თებერვალს ბრიუსელიდან განაცხადა: „როცა კრიტიკას ვიმსახურებთ, უნდა მივიღოთ, ამაში უცნაური არაფერი არ არის. მე აბსოლუტურად ვიზიარებ და ვამბობ, რომ აბსოლუტურად ზუსტი ფორმულირება გააკეთა ბატონმა ბიძინამ, როცა მან თქვა, რომ ეკონომიკური ვარდნა ჩვენ არ გვქონია. ეს მართლაც ასეა… იყო გარკვეული შენელება“. 

ივანიშვილმა განაცხადა, რომ ეკონომიკურ საკითხებში ჩართულია თანაინვესტირების ფონდის მეშვეობით. კერძო ინვესტიციების ეს ფონდი სექტემბერში დაფუძნდა და მასში ივანიშვილმა 1 მილიარდი დოლარის ოდენობის თანხა შეიტანა.

‘არავითარი რეალური ძალა არ არსებობს ევროპული ინტეგრაციის შესაჩერებლად’

პრესკონფერენციის მსვლელობისას ივანიშვილმა რამდენჯერმე გაუსვა ხაზი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობას. 

„იოტისოდენა ეჭვიც არ მეპარება, რომ ჩვენ ხელს მოვაწერთ ამ ხელშეკრულებას. ვერავითარი ძალისხმევა და ვერავითარი ძალადობა ჩვენ ამაში ხელს ვერ შეგვიშლის“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, არა მხოლოდ გარე ძალები და მათ შორის რუსეთი, არამედ ქვეყნის შიგნით არსებული გარკვეული ძალებიც შეეცდებიან დაბრკოლებების შექმნას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

ივანიშვილმა უარი თქვა ამ შიდა ძალების დაკონკრეტებაზე, თუმცა განაცხადა, რომ პროცესი ამას თავად წამოაჩენს.  „იქნება მცდელობები, ჩემი აზრით, მაგრამ ეს იქნება უსუსური“, – აღნიშნა მან.

ამ საკითხზე საუბრისას მან განაცხადა, რომ საქართველოს ყავს „უპრეცედენტოდ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება“

„არავის ვალი არ აქვს დღეს საქართველოს ხელისუფლებას  – არც ბიზნესის, არც რომელიმე სახელმწიფოსი და არც რომელიმე პოლიტიკური ძალის, გარდა საკუთარი მოქალაქეებისა“, – განაცხადა მან, „განწყობა საქართველოში არის ერთგვაროვანი, რომ საქართველოს მოსახლეობას აქვს განუსაზღვრელი სურვილი დაბრუნდეს ევროპულ ოჯახში“.

„არავითარი რეალური ძალა არ არსებობს იმისა, რომ ჩვენ ვერ მოვახერხოთ ხელი მოვაწეროთ ხელშეკრულებას; არათუ ხელშეკრულებას ასოცირების შესახებ, ჩვენ ძალიან აქტიურად უნდა ვიფიქროთ ევროკავშირის წევრობაზე“, – განაცხადა მან.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას ივანიშვილმა „მწუხარებით“ აღნიშნა ის ფაქტი, რომ აქციების დროს რამდენიმე ადამიანი დაიღუპა.

„სამწუხაროა ისიც, რომ უკრაინამ ვერ მოახერხა ამ ეტაპზე  ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე. ჩვენ ძალიან გაგვიიოლებდა ეს პროცესს“, – განაცხადა ივანიშვილმა.

თავის არასამთავრობო ორგანიზაციაზე საუბრისას მან ასევე განაცხადა, რომ გეგმავს სხვა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას, რომლებიც მაღალ სტანდარტებს აკმაყოფილებენ და რომელთა საქმიანობაც ხელს უწყობს ქვეყნის "ევროპული სივრცისკენ სვლას".

‘ხარისხიანი პოლემიკის ნაკლებობა’

ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი დაკვირვებით საზოგადოება უკვე საკმაოდ აქტიურია და მისი ორგანიზაცია მხოლოდ დაეხმარება ამ პროცესს.

„ძალიან მომწონს ის პოლემიკა, რომელიც საზოგადოებას და ხელისუფლებას შორის მიმდინარეობს“, – განაცხადა მან, “ზოგადად კარგი პროცესი მიდის – თვითონ საზოგადოებაც ძალიან მომწონს, საზოგადოების აქტიურობაც ძალიან მომწონს“.

ივანიშვილმა განაცხადა, რომ ერთადერთი პრობლემა „გადაჭარბებული ემოციურობა და გადაჭარბებული ხმაურია“.  „ამის ნაცვლად მე ვისურვებდი პერსპექტივაში, რომ ხარისხობრივად გაზრდილიყოს შენიშვნაც და პასუხიც“, – განაცხადა მან.

ივანიშვილმა, რომელმაც პრესკონფერენციის მიმდინარეობისას ნაციონალური მოძრაობა რამდენჯერმე გააკრიტიკა, მათ შორის მაშინაც კი როცა კითხვა ოპოზიციურ პარტიას ან ყოფილ ხელისუფლებას არ ეხებოდა,  განაცხადა, რომ ოპოზიციის „არაპროფესიონალობა და უპასუხიმგებლობა“ იწვევს იმ „ნაკლის გაღვივებას“, რომ არ არსებობს „ხარისხობრივი კონტროლი“.

„ამ კონტროლში ძალიან დიდი წვლილი აქვს ოპოზიციას, ხელისუფლების კონტროლში… ამ მხრივ, ოპოზიცია, საუბედუროდ, ძალიან ცუდად ასრულებს საკუთარ ფუნქციას. ძირითადი ნაკლი ეს შეინიშნება, ჩემი აზრით“, – განაცხადა ივანიშვილმა, „მაგრამ წამოვლენ ახალი ძალები და ნელ-ნელა განვითარდებიან“.

მისი თქმით, იმის გამო, რომ „მოქალაქე“ ყველა მიმართულებას ერთნაირ ყურადღებას ვერ დაუთმობს, ის განიხილავს დაახლოებით 50 ათასი ლარის ფარგლებში „სიმბოლურად“ დააფინანსოს საქველმოქმედო ფონდ „ქართუდან“ რამდენიმე ახალი ორგანიზაცია, რომლებიც სხვადასხვა სფეროებში იმუშავებენ და ითანამშრომლებენ „მოქალაქესთან“. მისი ინფორმაციით, ერთი ასეთი არასამთავრობო ორგანიზაცია უკვე დააფუძნა არჩილ კბილაშვილმა, რომელიც ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს მთავარი პროკურორი იყო. მისი თქმით, კბილაშვილის ორგანიზაცია სამართლის საკითხებზე იმუშავებს.

პრესკონფერენციის მსვლელობისას ის პოლემიკაში შევიდა ჟურნალისტთან – რაც მისთვის დამახასიათებელია – მას შემდეგ, რაც მედიის წარმომადგენელმა მან შეახსენა "შეუსრულებელი" დაპირებები, რომელიც 2012 წლის არჩევნებში გამარჯვების წინ გასცა. ცალკე ეპიზოდში ივანიშვილმა ასევე გააკრიტიკა „რუსთავი 2“ სიცრუის ტირაჟირების გამო და მის ჟურნალისტს პრესკონფერენციაზე უთხრა: „თქვენ ძალიან გაქებენ პროფესიონალიზმის დონით. მე თქვენ ადგილზე, პრინციპში არ ვიამაყებდი „რუსთავი 2“-ში მუშაობით, მაგრამ ესეც თქვენი ნებაა და თქვენი არჩევანია“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)