აბაშიძე: რუსეთმა ‘ჯაშუშობისთვის’ გასამართლებული საქართველოს ორი მოქალაქე გაათავისუფლა
რუსეთმა ვადაზე ადრე გაათავისუფლა საქართველოს ორი მოქალაქე, რომლებიც სასჯელს ჯაშუშობის ბრალდებით იხდიდნენ, განაცხადა პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ 5 თებერვალს.
მან ასევე განაცხადა, რომ ორი ადამიანი, რომელთა ვინაობის დაკონკრეტებისაგან თავი შეიკავა, რუსეთში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დააკავეს და რვა და ცხრა წლით პატიმრობა შეუფარდეს.
„რუსეთის მხარემ ისინი უკვე გაათავისუფლა და ისინი უკვე საქართველოში იმყოფებიან თავიანთ ოჯახის წევრებთან ერთად. ჩვენ ახლა ვმუშაობთ იმაზე, რათა ამ ბრალდებით დაკავებული საქართველოს სხვა მოქალაქეებიც გათავისუფლდნენ“, – განაცხადა აბაშიძემ, თუმცა არ დააკონკრეტა ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული რამდენი საქართველოს მოქალაქე რჩება რუსეთის ციხეებში.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება არ აკეთებს პიარს ამ სერიოზულ საკითხზე და თავს იკავებს პოლიტიკური ოპონენტების კრიტიკაზე პასუხის გაცემისგან.
როცა საქართველოს პარლამენტმა რამდენიმე პირი, რომლებიც ჯაშუშობის ბრალდებით იხდიდნენ სასჯელს საქართველოში, პოლიტპატიმრების სტატუსით გაათავისუფლა 2013 წლის იანვარში, ნაციონალურმა მოძრაობამ გააკრიტიკა მთავრობა, რადგან მათი თქმით, თუ ხელისუფლებას რუსი ჯაშუშების გათავისუფლების განზრახვა ჰქონდა, მაშინ მას ეს საქართველოს იმ მოქალაქეების გათავისუფლების სანაცვლოდ უნდა გაეკეთებინა, რომლებიც ანალოგიური ბრალდებებით იხდიდნენ სასჯელს რუსეთში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)