საქართველოს და აზერბაიჯანის პრეზიდენტები ორმხრივ ურთიერთობებს მიესალმებიან
აზერბაიჯანის და საქართველოს პრეზიდენტებმა, ილჰამ ალიევმა და გიორგი მარგველაშვილმა, ბაქოში 12 თებერვალს გამართული შეხვედრის შემდეგ აღნიშნეს, რომ ორ ქვეყანას „სტრატეგიული“ და „მეგობრული“ ურთიერთობები აკავშირებს.
პრეზიდენტმა ალიევმა განაცხადა, რომ ბაქო და თბილისი „ყოველთვის უჭერენ ერთმანეთს მხარს“ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ფორუმებზე.
„ჩვენ ყოველთვის ვუჭერთ ერთმანეთს მხარს ისეთ საკითხებში, რომლებიც ჩვენი ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას უკავშირდება. საქართველოს და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია: უხეშად ირღვევა საერთაშორისო სამართლის ნორმები“, – განაცხადა მან.
პრეზიდენტმა მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ორივე ქვეყანას „სერიოზული პრობლემები“ აქვს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. „მჯერა, რომ ჩვენ არჩეული გვაქვს ყველაზე სწორი გზა ამ პრობლემების მშვიდობიანი მოგვარებისთვის. ჩვენ ავიღეთ ყველაზე სწორი მიმართულება ამ პრობლემების მოსაგვარებლად. ეს არის ჩვენი ქვეყნების კეთილდღეობა და აღმშენებლობა მნიშვნელოვანი ორმხრივი პროექტების განხორციელების გზით“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, რომელსაც ენერგეტიკის და ტრანსპორტის სფეროებში ერთობლივი პროექტები ჰქონდა მხედველობაში.
მან განაცხადა, რომ საქართველოს და აზერბაიჯანს შორის განსაკუთრებული პარტნიორობა და ერთგულებაა რეგიონალური ენერგო და სატრანსპორტო პროექტების მიმართ, რაც მოიცავს ნავთობსადენისა და გაზსადენის პროექტებს და ასევე რკინიგზის მშენებლობას, რომელიც აზერბაიჯანს თურქეთს დაუკავშირებს საქართველოს გავლით. მარგველაშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ და აზერბაიჯანმა აჩვენეს მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია ორ ერს ითანამშრომლოს თავიანთი ქვეყნების სტრატეგიული კეთილდღეობისა და მომავლისთვის.
პრეზიდენტმა ალიევმა განაცხადა, რომ გარდა პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობებისა, შეხვედრაზე მათ ხალხთა შორის კონტაქტებზეც იმსჯელეს.
„ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველოს პრეზიდენტი ხვალ აზერბაიჯანის რეგიონებს ესტუმრება და აზერბაიჯანის ეთნიკურ ქართველ მოსახლეობას შეხვდება. რამდენიმე წლის წინ მე აზერბაიჯანელებს შევხვდი მარნეულში. ეს შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის. ქართველები აზერბაიჯანში და აზერბაიჯანელები საქართველოში ჩვენი მნიშვნელოვანი ნაწილია და რა თქმა უნდა, მათი ცხოვრება და მათი აქტივობები მნიშვნელოვანია ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის“, – განაცხადა ალიევმა და დასძინა, რომ ქართველები და აზერბაიჯანელები ყოველთვის ცხოვრობდნენ მშვიდობიანად და მეგობრულად.
მარგველაშვილი 13 თებერვალს ქალაქ გაბალას და ასევე ქალაქ კახს ეწვევა, სადაც ის ადგილობრივ, ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას შეხვდება.
12 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტი ასევე შეხვდა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს არტურ რასი-ზადეს და პარლამენტის თავმჯდომარეს ოქტაი ასადოვს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)