ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 4%–მდე ზრდის
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 12 თებერვალს რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით, 4%–მდე გაზარდა და განაცხადა, რომ ეკონომიკაში ბოლო დროინდელი ტენდენციების გამო „მნიშვნელოვნად შერბილებული პოლიტიკის შენარჩუნების საჭიროება აღარ არსებობს“.
ეს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის პირველი ზრდაა ბოლო 2.5 წელიწადში, რა პერიოდშიც განაკვეთი 8%–დან 3.75%–მდე ანუ იმ ნიშნულამდე შემცირდა, რაც ყველაზე დაბალ განაკვეთს წარმოადგენდა მას შემდეგ, რაც 2008 წლის იანვრიდან ეროვნულმა ბანკმა ყოველთვიური რეფინანსირების განაკვეთების დაწესება დაიწყო.
იანვარში წლიური ინფლაციის დონემ 2.9% შეადგინა, რაც გაზრდილი მონაცემია დეკემბერში დაფიქსირებულ 2.4%-თან შედარებით. წლიურ ინფლაციასთან დაკავშირებით მთავრობის პროგნოზი 2014 წლისთვის 3.5%–ს შეადგენს, სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად.
ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ ინფლაცია თავის მიზნობრივ დონეს 2014 წლის მეორე ნახევარში მიუახლოვდება.
ეროვნული ბანკის განცხადებით, ეკონომიკური აქტივობა ბოლო თვეებში გამოცოცხლდა, ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნის ზრდის წყალობით და ეს ტენდენცია 2014 წლის პირველ ნახევარშიც გაგრძელდება. მან ასევე აღნიშნა 16%–იანი ზრდა ბანკების საკრედიტო პორტფელში.
„იანვრის თვის წინასწარი ინდიკატორები აღნიშნული ტენდეციის შენარჩუნებაზე მიუთითებს“, – განაცხადა ეროვნულმა ბანკმა, „აქედან გამომდინარე მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიიჩნია, რომ მნიშვნელოვნად შერბილებული პოლიტიკის შენარჩუნების საჭიროება აღარ არსებობს და გაზარდა პოლიტიკის განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით. აღნიშნული ნაბიჯით ეროვნულმა ბანკმა დაიწყო შერბილებული მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლის პროცესი იმ დაშვებით, რომ ზემოთ აღნიშნული ტენდეციები შენარჩუნდება შემდეგ პერიოდში. საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)