უფლებადამცველთა ჯგუფი არჩევნების წინ ოპოზიციის წევრთა წინასწარი პატიმრობის წინააღმდეგ აფრთხილებს
ადგილობრივი გამგეობის ორი თანამდებობის პირის წინასწარი პატიმრობა, რომლებიც ნაციონალური მოძრაობას წარმოადგენენ, „კითხვის ნიშნებს ბადებს“, რადგანაც ეს ნაბიჯი ხელს შეუშლის ადგილობრივი არჩევნების წინ კამპანიაში მათ შესაძლო მონაწილეობას, განაცხადა უფლებადამცველმა და არჩევნებზე დამკვირვებელმა შვიდმა ორგანიზაციამ 14 თებერვალს.
ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზურაბ ჯიბუხაია და მისი მოადგილე ბესარიონ ჭელიძე 10 თებერვალს დააკავეს და გაფლანგვაში, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში და სამსახურებრივ სიყალბეში დასდეს ბრალი, რაც მათ სავარაუდოდ ოთხი წლის წინ ჩაიდინეს. პროკურორები აცხადებენ, რომ 2010 წლის ივლისში ორივე მათგანმა უკანონოდ მოჭრილი, ჩამორთმეული ხე–ტყე ხის გადამამუშავებელ საამქროებს გადასცეს ნაცვლად იმისა, რომ ის სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის გადაენაწილებინათ. შედეგად, პროკურატურის თქმით, ზურაბ ჯიბუხაიასა და ბესარიონ ჭელიძის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით გაიფლანგა ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბალანსზე რიცხული 12 580 ლარის ღირებულების ქონება. 12 თებერვალს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ორივე მათგანს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
11 თებერვალს სამართალდამცავმა სტრუქტურებმა დუშეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ოტიაშვილი დააკავეს, ასევე ნაციონალური მოძრაობიდან. მას თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და თაღლითობაში, ასევე კანონით აკრძალული საჩუქრის მიღებაში დასდეს ბრალი, სავარაუდოდ 2009 წლის აგვისტოში, როდესაც ოტიაშვილი დუშეთის რაიონის გამგებელი იყო.
ნაციონალურმა მოძრაობამ დაგმო მისი წევრების დაკავება, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული და ამ ქმედებას ადგილობრივი არჩევნების წინ მთავარი ოპოზიციური ძალის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ნაწილი უწოდა. ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა, რომ ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზურაბ ჯიბუხაია მისი პოტენციური კანდიდატი იყო გამგებლის პოსტზე წლევანდელ ადგილობრივ არჩევნებზე, როდესაც ქვეყნის მასშტაბით პირველად აირჩევიან გამგებლები პირდაპირი წესით. პარტიის თქმით, ჯიბუხაია ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგმილ პრაიმერში აპირებდა მონაწილეობას. ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა თავიანთი წუხილები თბილისში აკრედიტირებულ უცხოელ დიპლომატებს პარტიის ცენტრალურ ოფისში 14 თებერვალს გამართულ შეხვედრაზე გააცნეს.
14 თებერვალს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში შვიდმა უფლებადამცველმა და არჩევნებზე დამკვირვებელმა ორგანიზაციამ განაცხადა, რომ მართალია ბრალდების მხარემ ვერ დაასაბუთა ორი პირის წინასწარი პატიმრობა საჭიროება, მაგრამ ქუთაისის სასამართლომ მაინც დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა.
განცხადება, რომელსაც სხვებთან ერთად ასევე შეუერთდნენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო და სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, აღნიშნავს, რომ ხონის გამგეობა არის ერთ-ერთი იმ 3 გამგეობიდან, რომელშიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ნაციონალურმა მოძრაობამ გამგებელი შეინარჩუნა. სხვა გამგებლები ან გადადგნენ, ან ქართული ოცნების რიგებში გადავიდნენ 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ბრალდების მხარის მიერ წინასწარი პატიმრობის მოთხოვნის დაყენება პროკურატურის იმ „სულისკვეთების“ შეუსაბამოა, რომელიც რამდენიმე თვის წინ იქნა დეკლარირებული ე.წ. „თეთრი საყელოს“ დანაშაულების მიმართ, როცა პროკურატურა ნაკლებად მძიმე დანაშაულების ჩამდენ პირების მიმართ აღმკვეთი ღონისძიების განსაკუთრებული წესით გამოყენებაზე საუბრობდა.
„მიგვაჩნია, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ნებისმიერი პირის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, მიუხედავად მისი პარტიული კუთვნილებისა. თუმცა, ასევე აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ თვითმმართველობის არჩევნების წინ ოპოზიციური პარტიის აქტიური წევრების დაკავება რამდენიმე წლის წინ ჩადენილი დანაშაულისთვის და სამართალდამცავი ორგანოების მიერ აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნა დამატებით კითხვის ნიშნებს ბადებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
„ვფიქრობთ, რომ არჩევნების წინ სამართალდამცავმა ორგანოებმა მაქსიმალურად უნდა შეიკავონ თავი განსაკუთრებით ოპოზიციური პარტიის წევრების დაკავებისგან, თუ რა თქმა უნდა, ყოველივე ეს გადაუდებელ აუცილებლობას არ წარმოადგენს. ასეთმა ქმედებებმა შესაძლოა, გარკვეული კითხვის ნიშნები გააჩინოს საარჩევნო გარემოს სამართლიანობასთან დაკავშირებით“, – აცხადებენ უფლებადამცველები.
დეპუტატმა კოალიცია ქართული ოცნებიდან, კონსერვატორების ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა უარყო ბრალდებები ადგილობრივი ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენლის პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებების თაობაზე.
მან განაცხადა, რომ ამას არაფერი აქვს საერთო პოლიტიკასთან და დასძინა, რომ ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე, რომელიც კონსერვატიული პარტიის წევრია, ასევე დააკავეს 12 თებერვალს ქრთამის აღების ბრალდებით.
პარტიული კუთვნილების მიუხედავად, მისი თქმით, თუ დანაშაული ჩადენილია, მაშინ მისი ჩამდენი უნდა დაისაჯოს, რაც სასამართლოს გადასაწყვეტია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)