სოხუმი უკრაინის პრემიერ–მინისტრ იაცენიუკს აკრიტიკებს
სეპარატისტული აფხაზეთის ხელისუფლებამ უკრაინის პრემიერ–მინისტრი არსენი იაცენიუკი გააკრიტიკა იმის გამო, რომ მან ნეგატიურად შეაფასა აფხაზეთში არსებული სიტუაცია.
11 მარტს უკრაინის პარლამენტში გამოსვლისას, იაცენიუკმა აფხაზეთი ახსენა ყირიმში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას და განაცხადა, რომ აფხაზეთში კრიმინალური ბანდები, ნარკოტიკებით და იარაღით უკანონო ვაჭრობა დომინირებს. მისი თქმით, იქ ადამიანებს „არ აქვთ სამსახური, ხელფასი და უსაფრთხოება“. მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთმა აფხაზეთს დაპირებული ფინანსური დახმარების მხოლოდ მცირე ნაწილი გამოუყო და ეს ნაწილიც კი სეპარატისტულ ხელისუფლებაში მყოფმა „კრიმინალებმა“ მოიპარეს. მან ასევე განაცხადა, რომ ყირიმი იგივე ბედს არ იმსახურებს.
სეპარატისტული აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 12 მარტს გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ იაცენიუკი „კოორდინატთა განსაკუთრებულ სისტემაში“ იმყოფება, სადაც „ექსტრემიზმის ბოგინი და ფაშისტი მკვლელების ქმედებები“ მოწონებულია.
განცხადების თანახმად, იაცენიუკის მიერ აფხაზეთში არსებული სიტუაციის აღწერა „საეჭვოდ გავს იმ ბოროტი განზრახვის მქონე სიცრუეს, რომელსაც აფხაზეთის შესახებ ავრცელებს საქართველოს ყოფილი ვაი–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი“.
„როგორც ჩანს, შემთხვევითი არ არის, რომ ეს დისკრედიტირებული და ყველგან საძულველი, მათ შორის მშობლიურ საქართველოში, ადამიანი მრჩევლის როლში მიეკედლა უკრაინის „რევოლუციურ“ მთავრობას“, – განაცხადა სეპარატისტული რეგიონის საგარეო უწყებამ.
„გვინდა შევახსენოთ არსენი იაცენიუკს, რომ აფხაზეთის რესპუბლიკა არის პატარა, თუმცა შემდგარი სახელმწიფო, სადაც ხელისუფლება ყალიბდება ლეგიტიმური კონსტიტუციური გზით, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების გზით, და არა შეიარაღებული გადატრიალებებით და „მაიდნებით“, – ნათქვამია განცხადებაში, რომლის თანახმადაც 2008 წელს რუსეთის მიერ აღიარების შემდეგ, აფხაზეთის ეკონომიკა „13%–ით იზრდება ყოველწლიურად“ და „მოსახლეობის შემოსავლები 450%–ით გაიზარდა“.
„კიევის ხელისუფლებისგან განსხვავებით, ეთნიკურ და ლინგვისტურ მრავალფეროვნებას ჩვენს ქვეყანაში მოწიწებით ექცევიან. შოვინისტური პრინციპები აფხაზეთისთვის მიუღებელია“, – ნათქვამია განცხადებაში.
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის მსგავსად, აფხაზეთის პოლიტიკურმა პარტიებმა და სხვადასხვა ჯგუფებმა ასევე გამოთქვეს მხარდაჭერა რუსეთის ქმედებების მიმართ უკრაინაში.
„არსებულ ვითარებაში, ავტონომიური რესპუბლიკის [ყირიმის] ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს აქვთ უფლება დამოუკიდებლად აირჩიონ საკუთარი ბედი და ნახევარკუნძულის პოლიტიკური სტატუსი ხალხების და ერების თვითგამორკვევის უნივერსალური უფლების შესაბამისად“, – აცხადებს სეპარატისტული რეგიონის საგარეო უწყება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)