ღარიბაშვილი: ‘შეწუხებული ვართ იმით, რაც ხდება დღეს უკრაინაში’

პატივს სცემს რა უკრაინელი ხალხის ევროპულ არჩევანს, საქართველოს მთავრობა გმობს უკრაინის „სუვერენიტეტის ნებისმიერ ხელყოფას“, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თუმცა დასძინა, რომ ამ საკითხთან მიმართებაში აქვს „პრაგმატული“ მიდგომა და არ აპირებს რადიკალური განცხადებების შეჯიბრში ჩართვას.

„მართლაც სამწუხაროა და ჩვენ მართლაც შეწუხებული ვართ იმით, რაც ხდება დღეს უკრაინაში“, – განაცხადა მან 13 მარტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრაზე თავის გამოსვლაში, „უკრაინა არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა, უკრაინის ხალხი არის ჩვენი მეგობარი ხალხი და მართლა, მე პირადად განვიცდი იმას, რაც ხდება უკრაინაში“. 

„ჩვენ მხარს ვუჭერს უკრაინელი ხალხის გადაწყვეტილებას და პატივს ვცემთ მათ არჩევანს ააშენონ ევროპული, დემოკრატიული, ცივილიზებული ქვეყანა; და ჩვენ ვგმობთ სახელმწიფო სუვერენიტეტის ნებისმიერ ხელყოფას. ეს არის ჩვენი მტკიცე პოზიცია – მეგობარი ქვეყნის პოზიცია და არ ვაპირებ, რომ ვინმეს გავეჯიბრო რადიკალური განცხადებების გაკეთებაში. ჩვენ უნდა გვქონდეს პრაგმატული, გონივრული, ამავდროულად მტკიცე,  დამოკიდებულება ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ „უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზეც კი“ დასავლელმა პარტიორებმა "მოიწონეს" ის "კონსტრუქციული პოლიტიკა", რომელსაც საქართველო რუსეთთან მიმართებაში აწარმოებს.  

ამ კვირაში AFP-სთან ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მარცხმა „წინ აღდგომოდა“ რუსეთს 2008 წელს საქართველოში შემოჭრისას, მოსკოვს აფიქრებინა, რომ  ყირიმის მიტაცებაც შერჩებოდა.

„ის ფაქტი, რომ 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოში ხორცშესხმულ სცენარს, რომლის მიხედვითაც სამხედრო ძალით მიიტაცა სუვერენული ქვეყნის ტერიტორიები, იგი 2014 წელს სხვა ქვეყანის მიმართ იყენებს, ადასტურებს, რომ ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ვერც ჩვენ და ვერც ჩვენმა პარტნიორებმა ვერ შევძელით წინ აღვდგომოდით რუსეთს“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა AFP-სთან ინტერვიუში.

„დღეს შეგვიძლია სინანულით განვაცხადოთ, რომ ჩვენ და მსოფლიო თანამეგობრობამ ვერ შევძელით ამ ექვსი წლის განმავლობაში გვეიძულებინა რუსეთი გაეცნობიერებინა ის, რომ მსგავსი ქმედებები არასწორი და არაეფექტიანია“ , – განაცხადა მან.

„უნდა მოხდეს აშკარა და ძლიერი საპასუხო ქმედებების ფორმულირება, რაც ნიშნავს იმას, რომ მსგავსი სცენარები აღარასდროს გამეორდება და გავლენის სფეროების გადანაწილების [რუსული] იდეა ჩავარდება“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)