ევროკავშირი აჩქარებს ასოცირების შესახებ საქართველოსთან ხელშეკრულების ხელმოწერას

ევროკავშირის ლიდერებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველოსთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას არაუგვიანეს ივნისისა მოეწეროს ხელი.

აქამდე, ხელმოწერის ბოლო ვადად არაუგვიანეს აგვისტოს ბოლო სახელდებოდა.

„ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მიზანს გააძლიეროს საქართველოსთან და მოლდოვის რესპუბლიკასთან პოლიტიკური ასოცირება და ეკონომიკური ინტეგრაცია.  ვადასტურებთ, რომ ჩვენი მიზანია ასოცირების შესახებ შეთანხმებებს, ღრმა და ყოვლისმომცევლი თავისუფალი ვაჭრობის ზონების ჩათვლით, რომელთა პარაფირებაც გასულ ნოემბერს ვილნიუსში მოვახდინეთ, არაუგვიანეს 2014 წლის ივნისისა მოვაწეროთ ხელი“, – განაცხადეს ევროკავშირის ლიდერებმა 20 მარტს ბრიუსელში უკრაინის საკითხზე გამართული შეხვედრის შემდეგ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე მიესალმა ევროკავშირის ამ „ძალიან სასიხარულო“ გადაწყვეტილებას. 

"ეს, რასაკვირველია, არა მხოლოდ იმის გამო ხდება, რომ ევროკავშირი დაინტერესებულია პროცესების დაჩქარებით, არამედ იმიტომაც, რომ საქართველო მზად არის ამ ხელშეკრულების ხელმოსაწერად… ასრულებს იმ მოთხოვნებს, რომლებიც განსახორციელებელი იყო ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებიდან ხელმოწერამდე", – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ