ნატომ შესაძლოა ივნისში განსაზღვროს საქართველოს მიმართ შემდგომი ნაბიჯები
ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ ის მოელის, რომ ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრები ივნისში გადაწყვეტენ, თუ როგორ განახორციელონ უელსის სამიტზე ღია კარის პოლიტიკა, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში.
როდესაც მას ბრიუსელში 2 აპრილს ნატოს საგარეო საქმეთა ორდღიანი მინისტერიალის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჰკითხეს, თუ როგორია საქართველოს შანსები სექტემბერში უელსის სამიტზე წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მიღებასთან დაკავშირებით, რასმუსენმა უპასუხა, რომ ჯერ-ჯერობით ძალიან ადრეა რაიმეს თქმა იმის შესახებ, თუ როგორ განახორციელებს ნატო ღია კარის პოლიტიკას სამიტზე.
„რა თქმა უნდა, ჩვენ განვიხილავთ ღია კარის პოლიტიკას. ჩვენ განვსაზღვრეთ პროცესი, რაც სამიტამდე მიგვიყვანს; ჩვენ განვაახლებთ შეფასების ანგარიშებს თითოეულ ოთხ ასპირანტ ქვეყანასთან მიმართებაში [ბოსნია და ჰერცეგოვინა, საქართველო, მონტენეგრო და მაკედონია] და ამ ანგარიშებს საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ ივნისში დაგეგმილ შეხვედრაზე და მე მოველი, რომ საგარეო საქმეთა მინისტრები ივნისში მიიღებენ გადაწყვეტილებებს, თუ როგორ განვახორციელებთ ღია კარის პოლიტიკას“, – განაცხადა რასმუსენმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველომ „მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია თავის ევრო–ატლანტიკურ მისწრაფებებში“. ნატოს შემფასებელი მისია საქართველოს მარტის ბოლოს სტუმრობდა.
„საქართველოს ხელისუფლებამ ყოვლისმომცველი რეფორმები განახორციელა“, – განაცხადა მან და მიესალმა საქართველოს წვლილს ნატოს სამშვიდობო მისიაში ავღანეთში. მან ასევე დასძინა, რომ შარშანდელი საპრეზიდენტო არჩევნები „სამაგალითო“ იყო.
„საქართველომ მართლაც აჩვენა ძლიერი ერთგულება ჩვენი ალიანსის მიმართ – ჩვენ ამას ვაფასებთ და მივესალმებით. თუმცა, სამუშაო კვლავ რჩება შესასრულებელი“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა ნატოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი იმ პირობით, თუ ყველა საჭირო კრიტერიუმს დააკმაყოფილებს.
2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ასევე ამბობს, რომ MAP-ი უნდა იყოს მომდევნო ნაბიჯი საქართველოსთვის წევრობისკენ მიმავალ გზაზე. MAP–ის ეტაპის გავლის აუცილებლობაზე ასევეა მითითებული საქართველოს შესახებ ნატოს შესაბამის გადაწყვეტილებებში.