ნაციონალურმა მოძრაობამ ზუგდიდსა და ბათუმში კანდიდატები წარადგინა
ნაციონალურმა მოძრაობამ 12 აპრილს ზუგდიდში გამართული კამპანიის შეხვედრის ფარგლებში ქალაქის მერის პოსტზე თეიმურაზ ბასილაიას, ხოლო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლად თენგიზ გუნავას კანდიდატურები წარადგინა.
ბასილაია ამჟამად ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსია, ხოლო გუნავა სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორია. გუნავა გასული წლის ივლისში მითვისების ბრალდებით გაასამართლეს და ოთხწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა ის მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შეიწყალა და გუბერნატორის თანამდებობაზე აღადგინა, რომელიც მან ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დატოვა.
ზუგდიდში ნაციონალური მოძრაობის კამპანიის შეხვედრას წინ უძღოდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ინციდენტი პარტიის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის, რომელიც მალევე ამოიწურა.
ამასთან, 11 აპრილს ნაციონალურმა მოძრაობა მერობის საკუთარი კანდიდატი წარადგინა ბათუმშიც. პროფესიით ექიმი გიორგი დიასამიძე, რომელიც ბათუმის ბოლო ორი მოწვევის საკრებულოს წევრია ნაციონალური მოძრაობიდან, ბათუმის მერობისთვის იბრძოლებს 15 ივნისს დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე.
ქართულ ოცნებას, ისევე როგორც სხვა პოლიტიკურ ძალებს, საკუთარი კანდიდატები ბათუმსა და ზუგდიდში ჯერ არ დაუსახელებიათ.