უსუფაშვილი: საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა წლის ბოლომდე გახანგრძლივდება
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, რომელიც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას თავმჯდომარეობს, განაცხადა, რომ საკონსტიტუციო რეფორმაზე მუშაობა წლის ბოლომდე გაგრძელდება „უკეთესი კონსტიტუციის“ მისაღებად.
თავდაპირველად დაგეგმილი იყო, რომ დეკემბერში შექმნილ კომისიას კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტის მომზადებით მუშაობა 1 სექტემბრისთვის უნდა დაესრულებინა, თუმცა უსუფაშვილის თქმით, ვინაიდან „ჩვენ გარკვეული საკითხები გვიან დავიწყეთ“, ამიტომ კომისიის მუშაობა „დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება“.
მან ასევე მკაფიოდ გაუსვა ხაზი იმას, რომ კომისიის მუშაობა გადაწყვეტილებების მიღების ეტაპზე ჯერ არ გადასულა და განაცხადა, რომ „რეალური და კონკრეტული საქმიანობა“ სექტებერ-ოქტომბრისთვის იგეგმება.
„ხშირად მედიაში მე ვკითხულობ ხოლმე და გავოცდები ხოლმე, რომ კომისიამ თურმე რაღაც გადაწყვიტა, არადა არაფერი არ გადაგვიწყვეტია ჯერ. ეს არ არის ჯერ გადაწყვეტილებების მიღების ეტაპი. ეს არის პრობლემების, საკითხების, რეკომენდაციების შეგროვების ეტაპი და ჩვენ ნელ-ნელა გადავალთ ყველა ამ საკითხის განხილვაზე“, – განაცხადა მან.
უსუფაშვილმა ასევე მოუწოდა დაინტერესებულ მხარეებს და მათ შორის პოლიტიკოსებს და მედიას, რომ ამ თემას მეტი „ყურადღებით და პასუხისმგებლობით მოეკიდონ“, რათა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის დროს წამოწეული საკითხები „არ იყოს უსაგნოდ და უსაფუძვლოდ პოლიტიზირებული და გადაყვანილი პოლიტიკური დაპირისპირების ჭრილში“.
მან ეს განცხადებები ვენეციის კომისიის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა, რომლებიც კომისიის მუშაობის გაცნობის მიზნით 22 მაისს ერთდღიანი ვიზიტით ესტუმრნენ საქართველოს.
დელეგაციამ, რომელსაც ვენეციის კომისიის მდივანი თომას მარკერტი ხელმძღვანელობს, ასევე გამართა ცალკე შეხვედრები საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფების წევრებთან, რომლებიც საკონსტიტუციო რეფორმის ხუთ შემდეგ მიმართულებაზე მუშაობენ: საქართველოს პარლამენტის, პრეზიდენტისა და მთავრობის უფლებამოსილებები; ტერიტორიული მოწყობა და ადგილობრივი თვითმმართველობა; ადამიანის უფლებები, სასამართლო ხელისუფლება და პროკურატურა; დამოუკიდებელი კონსტიტუციური ინსტიტუტები; ზოგადი დებულებები და კონსტიტუციის გადასინჯვის წესი.
თომას მარკერტმა განაცხადა, რომ ვენეციის კომისია მოხარულია თავისი წვლილი შეიტანოს კონსტიტუციური რეფორმის „ძალიან პოზიტიურ პროცესში“.
„წარსულში ბევრი ცვლილება განხორციელდა კონსტიტუციაში; საქართველოს კონსტიტუციური სისტემის მეტი სტაბილურობა სჭირდება და ვფიქრობთ, რომ ახლა კარგ გზას ვადგავართ იმისათვის, რომ მოვნახოთ ისეთი გამოსავალი, რომელიც მისაღები იქნება საქართველოს ყველა მთავარი პოლიტიკური ძალისთვის“, – განაცხადა ვენეციის კომისიის მდივანმა.