დარიალის ხეობაში მეწყერის შედეგად ორი გარდაცვლილი იპოვეს

დარიალის ხეობაში 17 მაისს ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად დაკარგული ექვსი ადამიანიდან მაშველებმა ორი ადამიანის ცხედარს მიაკვლიეს, რამაც მსხვერპლი სამამდე გაზარდა.

ოთხი ადამიანი კვლავაც დაკარგულად ითვლება სტიქიიდან ერთი კვირის თავზე. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკარგულად სულ ცოტა შვიდი ადამიანი ითვლებოდა, თუმცა შსს-მ  23 მაისს განაცხადა, რომ ექვსი ადამიანი იყო დაკარგული და მათგან ორის ცხედარი იქნა ნაპოვნი. 

შსს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორის ზვიად ქაწაშვილის განცხადებით, წინასწარი ვარაუდით ორივე დაღუპული რუსეთის მოქალაქე უნდა იყოს. 

მაშველებმა უკრაინის მოქალაქე გასულ შაბათს, მომხდარიდან რამდენიმე საათში მძიმე მდგომარეობაში ამოიყვანეს მანქანიდან, თუმცა ის მეორე დღეს გარდაიცვალა.

ჩრდილოეთ-სამხრეთის გაზსადენი, რომელიც მეწყერმა დააზიანა, უკვე აღდგენილია და რუსული გაზის სომხეთისთვის მიწოდება განახლდა, განაცხადა საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ 23 მაისს.

თუმცა ტრანსპორტის მოძრაობა საქართველოს და რუსეთის დამაკავშირებელ გზაზე, რომლის ერთი მონაკვეთიც ასევე მეწყერმა გაანადგურა, კვლავ შეწყვეტილია; მიმდინარეობს ტერიტორიის ჩამოწოლილი მიწის მასისგან გაწმენდითი სამუშაოები და უცნობია ზუსტი დრო, თუ როდის გაიხსნება გზა, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია სომხეთისთვის, რადგან ეს რუსეთთან სახმელეთო მიმოსვლისთვის ერთადერთი საშუალებაა.