რუსთავში ქართული ოცნების აქტივისტები ნაციონალურ მოძრაობას დაუპირისპირდნენ
რუსთავში 24 მაისს სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების რამდენიმე ათეულმა აქტივისტმა აქცია გამართა ნაციონალური მოძრაობის პარტიული ოფისის წინ, სადაც ნაცმოძრაობის მერობის კანდიდატი მამუკა ჩიქოვანი კამპანიის ფარგლებში შეხვედრას მართავდა.
პოლიცია დაპირისპირებულ მხარეებს აშველებდა. ქართული ოცნების აქტივისტები ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ სკანდირებდნენ.
ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა რუსთავში დავით ჯიქიამ განაცხადა, რომ ის არ მიესალმება ამგვარ ინციდენტებს, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ ზოგიერთი ადამიანი ნაციონალური მოძრაობის „პოპულიზმით“ დაიღალა.
მას შემდეგ, რაც 10 აპრილს ქვეყნის სხვადასხვა ადგილებში ანალოგიურ ინციდენტებს ჰქონდა ადგილი, სამართლიანი არჩევნების უწყებათშორისმა კომისიამ, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის დროს დარღვევების თაობაზე პარტიების პრეტენზიებს განიხილავს და შესასრულებლად არასავალდებულო რეკომენდაციებს გასცემს, მიმართა პოლიტიკურ ძალებს მოეწოდებინათ თავიანთი წევრებისა და აქტივისტებისთვის, რომ, „თავი შეიკავონ სხვა პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო ღონისძიებების ორგანიზებასა და წარმართვაში ხელის შეშლისგან“.
„პოლიტიკურმა პარტიებმა გასცენ მკაფიო მითითება, რომ მათმა აქტივისტებმა თავი შეიკავონ კონკურენტი კანდიდატების წინასაარჩევნო შეხვედრებზე დასწრებისგან კონტრაგიტაციის მიზნით, რათა გამოირიცხოს პოლიტიკურ ნიადაგზე თუნდაც სიტყვიერი დაპირისპირება“, – ნათქვამია კომისიის მიერ 11 აპრილს გავრცელებულ რეკომენდაციაში.
23 მაისს ნაციონალურმა მოძრაობამ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ ხელისუფლება ზეწოლას ახდენს მის რამდენიმე კანდიდატზე, რომლებიც 15 ივნისის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობენ. პარტიის თქმით, ამგვარ ფაქტებს განსაკუთრებით იმ მუნიციპალიტეტებში აქვს ადგილი, სადაც „ჩვენს პარტიას გამარჯვების რეალური შანსი აქვს“. ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა, რომ მისმა ახალციხის საკრებულოს მაჟორიტარმა კანდიდატმა და ადიგენის საკრებულოს მაჟორიტარმა კანდიდატმა არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს მათზე განხორციელებული ზეწოლის შემდეგ.