ზურაბ ჭიაბერაშვილს თავს დაესხნენ

ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთ წამყვან ფიგურას, ზურაბ ჭიაბერაშვილს დღეს თბილისის ცენტრში მდებარე ერთ–ერთ კაფეში თავს დაესხნენ და თავის არეში დაზიანებები მიაყენეს.

ჭიაბერაშვილმა, რომელიც საქართველოს ელჩი იყო შვეიცარიაში და ექს–პრეზიდენტ სააკაშვილის ხელისუფლებაში ჯანდაცვის მინისტრად, შემდეგ კი კახეთის გუბერნატორად მუშაობდა, განუცხადა ჟურნალისტებს, რომ მას და მის თანმხლებ პირს, ნოდარ ლადარიას, ორი მამაკაცი დაესხა თავს; მისი თქმით, თავდამსხმელთა ვინაობა ცნობილია.    

ჭიაბერაშვილმა, რომელსაც ბინტით ჰქონდა თავი შეხვეული, ხოლო პერანგი სისხლით დასვრილი, ასევე უთხრა ჟურნალისტებს, რომ ორი მამაკაცი რაიმე სახის პროვოცირების გარეშე დაესხა მათ თავს; ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რომ სანამ ერთ–ერთი თავდამსხმელი მას სამჯერ ჩაარტყამდა ჭიქას თავში, მანამდე ნოდარ ლადარიას ჩაი შეასხა. 

„ერთადერთი რამ თქვეს, რომ ‘როგორ ბედავთ ქუჩაში სიარულს’, ‘როგორ შემოდიხართ საერთოდ აქ’ და ‘გაეთრიეთ აქედან’“, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა და დასძინა, რომ ამის შემდეგ თავდამსხმელები გაიქცნენ.

ჭიაბერაშვილი შემდგომი სამედიცინო პროცედურებისთვის საავადმყოფოში გადაიყვანეს, რომელიც უკვე დატოვა.