კრემლის წარმომადგენელი სეპარატისტული აფხაზეთის ხელისუფლებასთან და ოპოზიციასთან მოლაპარაკებებს განაგრძობს
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე სეპარატისტულ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ვლადისლავ სურკოვი, უკვე მეორე დღეა სოხუმში მოლაპარაკებებს მართავს, ვინაიდან აფხაზეთის ლიდერს ალექსანდრე ანქვაბს და ოპოზიციას შორის პოლიტიკური დაპირისპირება კვლავ გრძელდება.
საკოორდინაციო საბჭო, რომელიც ოთხ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას და შვიდ საზოგადოებრივ მოძრაობას აერთიანებს და რომელიც 27 მაისიდან პრეზიდენტის რეზიდენციას აკონტროლებს, დაჟინებით მოითხოვს აფხაზეთის ლიდერის ალექსანდრე ანქვაბის გადადგომას. ოპოზიციის მხარდამჭერები პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინ კვლავ საპროტესტო აქციას მართავენ.
სურკოვს სოხუმში თან ახლავს რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევი.
ხუთაშაბათს სურკოვი ანქვაბს შეხვდა, იტყობინება „აფსნიპრესი“ დეტალების დაკონკრეტების გარეშე.
აფხაზეთის ომის ვეტერანთა კავშირის თავმჯდომარემ ვიტალი გაბნიამ განაცხადა, რომ კრემლის წარმომადგენელი „არ ერევა აფხაზეთის პოლიტიკურ საქმეებში“; ის ცდილობს შუამავლის როლი ითამაშოს მხარეებს შორის, განაცხადა მან.
ოპოზიციის აქციის პარალელურად, 28 მაისს სოხუმში ანქვაბის მხარდამჭერებიც შეიკრიბნენ; ორივე აქცია მშვიდობიანად ჩატარდა.
„ჩვენ კანონიერ ჩარჩოებს უნდა დავუბრუნდეთ. ჩვენ, ოპოზიცია და ხელისუფლება, უნდა დავსხდეთ და კომპრომისი გამოვნახოთ“, – განაცხადა სეპარატისტული რეგიონის პრემიერ–მინისტრმა ლეონიდ ლაკერბაიამ 28 მაისს ანქვაბის მხარდამჭერთა აქციაზე გამოსვლისას.
ანქვაბის მხარდამჭერი პარტიის, „ამცახარას“ წარმომადგენელმა განაცხადა იმავე აქციაზე, რომ არსებული კრიზისიდან გამოსავალი შესაძლოა იყოს ანქვაბისადმი ნდობის გამოხატვის თაობაზე რეფერენდუმის გამართვა.