თავისუფლების ქარტიით გათვალისწინებული კომისია მუშაობას შეუდგა

შინაგან საქმეთა სამინისტროში ახლადშექმნილმა სპეციალურმა კომისიამ, რომელშიც ასევე შედის ყველა საპარლამენტო ფრაქციის თითო დეპუტატი, 28 მაისს თითქმის სამი წლის თავზე დაიწყო ფუნქციონირება მას შემდეგ, რაც 2011 წელს მიღებულმა თავისუფლების ქარტიამ ამგვარი კომისიის ფორმირების საჭიროება განსაზღვრა.

კომისიის ამოცანებია თანამდებობრივი შეზღუდვების დაწესება იმ თანამდებობის პირებისთვის, რომლებიც ფარულად თანამშრომლობდნენ საბჭოთა სპეცსამსახურებთან ან დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში თანამშრომლობდნენ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან; ასევე ფაშისტური და კომუნისტური ტოტალიტარული იდეოლოგიის, სიმბოლიკის და პროპაგანდის აკრძალვა.

ამ ორი მიმართულებით კომისიამ თავისი სამოქმედო გეგმა და პრიორიტეტული მიმართულებები  28 მაისს გამართულ პირველ სხდომაზე განსაზღვრა, იტყობინება შსს.

შსს-ის იურიდიული სამსახურის უფროსმა, კომისიის წევრმა ზვიად ოქროპირიძემ განაცხადა, რომ კომისია შექმნის შესაბამის თანამდებობის პირთა რეესტრს და გადაამოწმებს მათ შსს-ის მონაცემთა ბაზებსა და არქივებში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან მათი შესაძლო კავშირების დასადგენად.

კანონის თანახმად, კომისია უზრუნველყოფს ამ პირთა შესახებ ინფორმაციის საიდუმლოებას, თუმცა შეუძლია საჯარო გახადოს მხოლოდ იმ პირთა ვინაობა და მონაცემები, რომელთაც უკავიათ აკრძალული თანამდებობები და ნებაყოფლობით არ განაცხადებენ მათზე უარს.

კომისიის ფორმირება დააჩქარა თავისუფლების ქარტიაში დეკემბერში შეტანილმა ცვლილებებმა, რომლითაც მისი გადაწყვეტილებები სავალდებულოდ შესასრულებელი გახდა. ეს საკანონმდებლო ცვლილება განაპირობა სტალინის ძეგლების აღდგენის რამდენიმე შემთხვევამ და იმის საჭიროებამ, რომ მსგავი ქმედებები სპეციალური კომისიის განსჯადი გამხდარიყო.