აფხაზეთის კრიზისში მხარეთა პოზიციები კვლავ ერთმანეთისგან დაშორებულია

  • ანქვაბი გუდაუთის რუსულ სამხედრო ბაზაზე რჩება;
  • პრემიერ–მინისტრი აცხადებს, რომ ანქვაბის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა;
  • ოპოზიციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია კვლავ დაკავებული აქვს;
  • დროებითი სიმშვიდე მოლაპარაკებების პროცესში;
  • ანქვაბი: „სიტუაცია რთულია, თუმცა არა კრიტიკული“;
  • ოპოზიცია აცხადებს, რომ ‘დროებითი ეროვნული საბჭო’ ლეგიტიმურია;
  • რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე აფხაზეთში რჩება.

ოპოზიციამ სეპარატისტულ აფხაზეთში, რომელსაც კვლავ დაკავებული აქვს პრეზიდენტის რეზიდენცია და რომელიც აფხაზეთის ლიდერის ალექსანდრე ანქვაბის გადადგომას ითხოვს, დაგმო ნებისმიერი ვარაუდი აფხაზეთის რუსეთთან მიერთების თაობაზე და ანქვაბი და მისი მოკავშირეები ამ ყალბი ხმების გავრცელებაში დაადანაშაულა.

„ბოლო დროს ანქვაბის წრე დაჟინებით ავრცელებს ხმებს იმის თაობაზე, რომ რუსეთის წარმომადგენლები აყენებენ საკითხს აფხაზეთის რუსეთის ფედერაციაში შესვლის თაობაზე ან [რუსეთთან] ასოცირებულ ურთიერთობაზე. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სკამის შესანარჩუნებლად ანქვაბი უპასუხისმგებლო ნაბიჯებს დგამს, რაც ჩვენი ხალხის ეროვნული ინტერესებისთვის ძირის გამოთხრას და რუსეთთან აფხაზეთის ურთიერთობების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად“, – ნათქვამია ოპოზიციური პარტიებისა და მოძრაობებისგან შემდგარი ჯგუფის, „დროებითი ეროვნული საბჭოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„აშკარაა, რომ ანქვაბის მიზანს წარმოადგენს საზოგადოების ყურადღების გადატანა მისი პერსონიდან, რომლის წინააღმდეგაც ჩვენმა ხალხმა ცალსახად ისაუბრა ეროვნულ შეკრებაზე [საპროტესტო აქციაზე] – ანქვაბი უნდა წავიდეს. გვინდა აღვნიშნოთ, რომ ორ დამოუკიდებელ სახელმწიფოს – აფხაზეთის რესპუბლიკას და რუსეთის ფედერაციას შორის თანასწორუფლებიანობის საფუძველზე სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებას ალტერნატივა არ გააჩნია. ორივე მხარე დაინტერესებულია ურთიერთობების ასეთ ფორმატში და ამას რუსეთის სხვადასხვა ოფიციალურმა პირებმა მრავალჯერ გაუსვეს ხაზი“, – იტყობინება „აფსნიპრესი“ განცხადებაზე დაყრდნობით.

„არავის არ განუხილავს და არც განიხილავს ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებელი სტატუსის შეცვლის შესაძლებლობას, რომელიც უდიდესი მსხვერპლის ფასად იქნა მოპოვებული“, – ნათქვამია განცხადებაში.

29 მაისს აფხაზურმა ოპოზიციამ რუსეთთან პარტნიორობის ახალი, სრულყოფილი შეთანხმების გაფორმებისკენ და ევრაზიის კავშირსა და საბაჟო კავშირში აფხაზეთის წევრობისკენ მოუწოდა.

როდესაც აფხაზეთის ლიდერს ალექსანდრე ანქვაბს ამის შესახებ 29 მაისს რადიოსადგურ „კომერსანტთან“ ინტერვიუში ჰკითხეს, მან განაცხადა, რომ აფხაზეთის მოსახლეობის მხოლოდ „უმნიშვნელო ნაწილს“ სურს რუსეთთან გაერთიანება. „დიდ უმრავლესობას მიაჩნია, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელი უნდა დარჩეს“, – განაცხადა ანქვაბმა.

ანქვაბმა ასევე განუცხადა რადიოსადგურ „კომერსანტს“, რომ სიტუაცია აფხაზეთში „რთულია, მაგრამ არა კრიტიკული“.

მან განაცხადა, რომ მზადაა ოპოზიციასთან განიხილოს ის წინადადებები, „რომლებიც ქვეყანას სარგებელს მოუტანს“, თუმცა დასძინა, რომ არ განიხილავს „ულტიმატუმის“ ფორმით წამოყენებულ მოთხოვნებს.

სეპარატისტული რეგიონის პრემიერ–მინისტრმა ლეონიდ ლაკერბაიამ დაადასტურა 30 მაისს, რომ ანქვაბი გუდაუთის რუსულ სამხედრო ბაზაზე იმყოფება.

ლაკერბაიამ განაცხადა, რომ ანქვაბს  პრეზიდენტის რეზიდენციის დატოვება მას შემდეგ მოუხდა, რაც შენობა 27 მაისის ღამეს მომიტინგეთა ერთმა ნაწილმა დაიკავა; მისივე თქმით, სოხუმიდან ანქვაბი იმის გამო გაემგზავრა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. „აფსნიპრესის“ ინფორმაციით, ლაკერბაიამ ეს განცხადება სოხუმში სამთავრობო აგარაკზე გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.        

მან ასევე განაცხადა, რომ ანქვაბი სოხუმში ჩამოსვლას 29 მაისს გეგმავდა, თუმცა მას შემდეგ გადადო, რაც უშიშროების სამსახურმა გააფრთხილა, რომ „ორი ჯგუფი“, რომლებიც მან არ დააკონკრეტა, მის ფიზიკურ ლიკვიდაციას აპირებდნენ. 

2005 წლის შემდეგ ანქვაბზე უკვე ხუთი, ან შესაძლოა ექვსი თავდასხმა განხორციელდა – ყველაზე ბოლო თავდასხმას 2012 წლის თებერვალში ჰქონდა ადგილი, როდესაც მის ესკორტს გუდაუთასა და სოხუმს შორის გზაზე დაესხნენ თავს. მაშინ აფხაზეთის ლიდერის დაცვის ორი წევრი დაიღუპა.

29 მაისს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, ვლადისლავ სურკოვის შუამავლობის შემდეგ ოპოზიცია და ხელისუფლება პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყებაზე შეთანხმდნენ და თავიანთი მომლაპარაკებლებიც დაასახელეს.

თუმცა, როგორც ანქვაბის მომლაპარაკებელმა, უშიშროების საბჭოს მდივანმა ნუგზარ აშუბამ განაცხადა 30 მაისს, მოლაპარაკებების პროცესში „დროებითი სიმშვიდეა“, იტყობინება „აფსნიპრესი“.    

სურკოვმა აფხაზეთი 29 მაისს დატოვა, მაგრამ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევი კვლავ იქ რჩება, როგორც ამის თაობაზე სეპარატისტული აფხაზეთის ოფიციალური პირები იტყობინებიან.

იმავდროულად, ოპოზიციის ერთ–ერთმა ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ განაცხადა 30 მაისს, რომ „დროებითმა ეროვნულმა საბჭომ“, რომელმაც საკუთარი თავი მმართველ ლეგიტიმურ ორგანოდ გამოაცხადა, აღნიშნა, რომ ანქვაბი „დე ფაქტო აღარ არის პრეზიდენტი“.

მისი თქმით, აფხაზეთში ორი ლეგიტიმური ორგანოა – პარლამენტი და დროებითი ეროვნული საბჭო. მან ასევე მოუწოდა პარლამენტს, რომ ახალი კონსტიტუციის შემუშავება დაიწყოს, რომელიც „ხელისუფლების უზურპაციის საფრთხეს აღკვეთს, როგორც ამას ეს ანქვაბის მმართველობის დროს ჰქონდა ადგილი“. 
სეპარატისტული რეგიონის პარლამენტმა მოუწოდა ადგილობრივ ხელისუფლებას და სხვა სამთავრობო სტრუქტურებს, რომ განაგრძონ საკუთარი მოვალეობების შესრულება.   

აფხაზეთის პარლამენტის მიერ 29 მაისს ლაკერბაიას წინააღმდეგ უნდობლობის გამოცხადებამ აჩვენა, რომ 35–წევრიან პარლამენტში სულ ცოტა 20 დეპუტატია, რომლებიც ოპოზიციას ემხრობიან. 29 მაისის სხდომას 21 დეპუტატი ესწრებოდა. ერთმა რეზოლუციაზე ხმის მიცემისას თავი შეიკავა; რეზოლუცია ასევე შეიცავდა არასავალდებულოდ შესასრულებელ მოწოდებას ანქვაბის გადადგომის თაობაზე; დანარჩენი 14 დეპუტატი სხდომას არ დასწრებია.

პრემიერ–მინისტრმა ლაკერბაიამ გამორიცხა ძალის გამოყენება იმ მომიტინგეების წინააღმდეგ, რომელთაც პრეზიდენტის რეზიდენცია აქვთ დაკავებული.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მზად არის გადადგეს, თუ ეს კრიზისის მოგვარებას დაეხმარება და მიანიშნა, რომ ხელისუფლება მზად იყო 27 მაისს ოპოზიციის თავდაპირველი მოთხოვნები დაეკმაყოფილებინა მთავრობის გადადგომის და მთავარი პროკურორის გადაყენების თაობაზე, თუმცა ეს გარიგება  მას შემდეგ ჩაიშალა, რაც მომიტინგეების ერთი ნაწილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიჭრა.

ლაკერბაიამ ასევე განაცხადა, რომ გამარჯვებული არავინ იქნება, თუ ორივე მხარე ამჟამინდელ „მაქსიმალისტურ“ მიდგომას განაგრძობს; მან დასძინა, რომ მხარეთა პოზიციები ჯერ კიდევ ძალიან შორსაა ერთმანეთისგან.

ანქვაბის მხარდამჭერთა აქცია სოხუმში 2 ივნისს იგეგმება.