ირაკლი ალასანია საბერძნეთს სტუმრობს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია საბერძნეთში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში 2 ივნისს თავის ბერძენ კოლეგას დიმიტრიოს ავრამოპულოსს შეხვდა.

მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს, განათლებისა და ლოგისტიკის სფეროში გამოცდილების გაზიარებასა და სამხედრო-ტექნიკურ სფეროში ურთიერთობაზე ფოკუსირებით; ასევე იმსჯელეს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანების პროცესზე, საერთაშორისო სამხედრო მისიებში მის მონაწილეობაზე და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე, იტყობინება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

„ჩვენ ყოვლისმომცველად ვავითარებთ ჩვენს ურთიერთობას საბერძნეთთან“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ მისი პრესსამსახურის თანახმად, „საბერძნეთი არის ძლიერი მხარდამჭერი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის, ნატოში ინტეგრაციის“.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და საბერძნეთის თავდაცვის სამინისტროებს შორის 2014 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოეწერა ხელი.

„მომავალში ჩვენი ურთიერთობები, როგორც პოლიტიკურად, ასევე სამხედრო კუთხით იქნება განვითარებული“, – განაცხადა ალასანიამ.

ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი ასევე შეხვდა საბერძნეთის ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს ევანგელოს ვენიზელოსს და პარლამენტის თავმჯდომარეს ევანგელოს მეიმარაკისს.