პრემიერ-მინისტრი არჩევნებთან დაკავშირებული განცხადების გამო გააკრიტიკეს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციურმა პარტიებმა და არჩევნებზე დამკვირვებელმა ადგილობრივმა ორგანიზაციებმა იმ განცხადების გამო გააკრიტიკეს, რომელშიც მან თქვა, რომ არცერთ ქალაქსა და მუნიციპალიტეტში „არ დაუშვებს“ ქართული ოცნების გარდა სხვა პოლიტიკური ძალის გამარჯვებას 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე.

იმ „საშიში ტენდენციის“ ფონზე, რომელიც ოპოზიციური კანდიდატების არჩევნებიდან გამოთიშვას სავარუდო ზეწოლის გამო უკავშირდება, ასეთი განცხადებები კიდევ უფრო უარყოფითად მოქმედებს საარჩევნო გარემოზე, აღნიშნა რამდენიმე სადამკვირვებლო ორგანიზაციამ 2 ივნისს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ განაცხადეს, რომ ოპოზიციურ კანდიდატებზე ზეწოლის სავარაუდო შემთხვევებზე რეაგირების და მათი დაგმობის ნაცვლად, პრემიერ–მინისტრმა გააკეთა განცხადება, რითაც ასეთი ქმედებების „არაპირდაპირი წახალისება ხდება“.

დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ სავარაუდო ზეწოლის გამო, 50–მდე კანდიდატმა ექვსი ოპოზიციური პარტიიდან მოხსნა თავისი კანდიდატურა 15 ოლქში; ეს მაჩვენებელი ბოლო რამდენიმე დღეში გაიზარდა.

რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ადგილობრივი პოლიცია დაადანაშაულა იმაში, რომ ისინი აიძულებენ კანდიდატებს გააუქმონ საკუთარი რეგისტრაცია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1 ივნისს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც „კატეგორიულად უარყოფს“ ამგვარ ბრალდებებს და აცხადებს, რომ „აღნიშნული განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება“.

ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა, რომ პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა „ღიად გამოაცხადა ის, რასაც ბოლო ორი კვირაა სწორედ პრემიერ-მინისტრის დავალებით სჩადის საქართველოს ხელისუფლება“.

ნინო ბურჯანაძემ, არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების კოლიციის ლიდერმა განაცხადა, რომ პრემიერ–მინისტრის ამ განცხადებით ქართულმა ოცნებამ „პრაქტიკულად, დააანონსა არჩევნების გაყალბება“.

„ეს არის პირდაპირი დავალება ყველა ადგილობრივი თანამდებობის პირისათვის, პოლიციისათვის, გამგეობისათვის, რომ გააყალბონ არჩევნები და ნებისმიერი გზით ხელი შეუშალონ ოპოზიციურ პარტიებს დააფიქსირონ ის ხმები, რასაც ისინი მოსახლეობისაგან მიიღებენ“, – განაცხადა ბურჯანაძემ 2 ივნისს, „მსგავსი ტიპის განცხადება არ გაუკეთებია თავად სააკაშვილსაც კი. ის ამას აკეთებდა რეალურად, მაგრამ ჰყოფნიდა იმდენი ჭკუა და პოლიტიკური გამოცდილება, რომ ხმამაღლა მაინც არ დაეანონსებინა არჩევნების ტოტალური გაყალბება“.

ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე–პრემიერმა კახი კალაძემ, რომელიც ქართული ოცნების საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობს, განაცხადა, რომ პრემიერ–მინისტრი თავის განცხადებაში გულისხმობდა მმართველი კოალიციის ამბიციას ყველა ოლქში მოიგოს არჩევნები.  

„ის ამბობდა, რომ ჩვენ ‘არ უნდა დავუშვათ’ სხვა პოლიტიკურმა ძალამ [გაიმარჯვოს] და ეს ნორმალურია, ყველა პოლიტიკურ ძალას აქვს იმის მოტივი, რომ ისინი იყვნენ ყველგან გამარჯვებულები; ასევე გვაქვს ჩვენ – გვინდა, რომ ყველგან გავიმარჯვოთ. უბრალოდ მერე ‘არ დავუშვებთ’ მის მიერ გაკეთებული განცხადება, ეს იყო, მე ვფიქრობ, უკვე მექანიკური შეცდომა“, – განუცხადა კალაძემ ჟურნალისტებს.