ადგილობრივ არჩევნებზე კენჭისყრა დასრულდა
საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი საბურთალოს რაიონის საარჩევნო უბანზე საარჩევნო ყუთიდან ბიულეტენებს იღებს მას შემდეგ, რაც 15 ივნისს ადგილობრივ არჩევნებზე ხმის მიცემა დასრულდა. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge
კვირას საღამოს 8 საათზე საქართველოში დასრულდა ადგილობრივი არჩევნები, რომლის დროსაც ამომრჩევლებმა 12 ქალაქის მერს, 59 გამგებელს და 71 საკრებულოს მომავალ წევრებს მისცეს ხმა.
ოთხი წლის წინანდელ ადგილობრივ არჩევნებთან შედარებით ამომრჩეველთა აქტივობა დაახლოებით 6%-ით დაბალი იყო; ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 15 ივნისის არჩევნებში ხმა 1 485 372 ამომრჩეველმა მისცა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 43.31%-ს შეადგენს.
ცესკომ განაცხადა, რომ ოფიციალური წინასწარი შედეგების გამოქვეყნებას სავარაუდოდ შუაღამის 2 საათის შემდეგ დაიწყებს.
ეგზით პოლის შედეგებით, მეორე ტურის შესაძლებლობა არსებობს თბილისში და სხვა რამდენიმე ქალაქში ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატებს შორის; ერთადერთი გამონაკლისი ქალაქი არის გორი, სადაც ქართული ოცნების კანდიდატი სავარაუდოდ ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის მიერ დასახელებულ კანდიდატს დაუპირისპირდება იმ შემთხვევაში, თუ ეგზით პოლის შედეგები ოფიციალურ მონაცემებს დაემთხვევა.
არჩევნების დღეს ყველაზე სერიოზული ინციდენტების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ეხებოდა კენჭისყრის პროცესის შეფერხებას ორ საარჩევნო უბანში.
ერთ შემთხვევაში საარჩევნო ბიულეტენები შეიარაღებულმა ნიღბიანმა პირებმა გაიტაცეს მარტვილის რაიონის სოფელ დოშაყეს მე–16 უბნიდან. ინციდენტი ღამის 2 საათზე მოხდა საარჩევნო უბნის გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადეს, რომ გატაცებული ბიულეტენები საარჩევნო უბანთან ახლოს დალუქულ მდგომარეობაში იპოვეს, რის შემდეგაც კენჭისყრის პროცესი დაგვიანებით, მაგრამ მაინც დაიწყო.
მეორე ინციდენტს ზუგდიდის ოლქის ანაკლიის უბანზე ჰქონდა ადგილი. ამ უბანზე ხმის მიცემის პროცესი მას შემდეგ ჩაიშალა, რაც რამდენიმე ადგილობრივმა მაცხოვრებელმა, რომლებიც 2012 წლის იანვრიდან გაუჩინარებული ნათესავის ადგილსამყოფელის დადგენას ითხოვენ, საარჩევნო ყუთი დაამტვრია და ბიულეტენები დახია. მათი თქმით, არაფერი კეთდება მათი დაკარგული ნათესავის საქმის გასახსნელად. მოგვიანებით ცესკომ განაცხადა, რომ ანაკლიის ამ საარჩევნო უბანზე ხელახალი კენჭისყრა გაიმართება.
სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ, რომელიც უმსხვილესი ქართული სადამკვირვებლო ორგანიზაციაა, განაცხადა, რომ საარჩევნო პროცესმა „ძირითადად ჩაიარა კარგად“, თუმცა საერთო ჯამში საარჩევნო უბნების 17%-ზე დაფიქსირდა მცირედი დარღვევები.
„სამართლიანმა არჩევნებმა“ განაცხადა, რომ 16 ივნისს დილით ყველა თვითმმართველი ქალაქის მერისა და საკრებულოს პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების ხმების პარალელური დათვლის შედეგებს გამოაცხადებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)