აშშ–ის მიერ დაფინანსებული საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრი სუფსაში

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის სადგურ „სუფსას“ ტერიტორიაზე 24 ივნისს აშშ–ის მიერ დაფინანსებული საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრის ახალი შენობის გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.  

შსს–ს ინფორმაციით, ერთობლივი საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრი, რომლის მშენებლობასაც 14 თვის წინ ჩაეყარა საფუძველი, ზრდის საქართველოს სანაპირო დაცვის შესაძლებლობებს საზღვაო ინციდენტების მონიტორინგის, მათზე რეაგირებისა და მათი პრევენციის კუთხით. 

აშშ–ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა, რომელიც ცენტრს შინაგან საქმეთა მინისტრთან ალექსანდრე ჭიკაიძესთან ერთად ესტუმრა, განაცხადა: „ის, რასაც ჩვენ დღეს აქ ვაკეთებთ საქართველოს საზღვაო დაკვირვების და საოპერაციო შესაძლებლობის განვითარების ჩათვლით, არის იმ ფართო ძალისხმევის ნაწილი, რომელიც საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების შესაძლებლობების გაფართოებას ისახავს მიზნად, რათა მათ შეძლონ ნარკოტრეფიკინგთან, ადამიანთა ტრეფიკინგთან და კონტრაბანდასთან  გამკლავება“.

მან ასევე განაცხადა, რომ საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრი „საშუალებას მისცემს საქართველოს მთავრობას და ჩვენ, რომ სრული სურათი გვქონდეს იმისა, თუ რა ხდება შავი ზღვის რეგიონში, რაც ამ რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერების და მეტი ინფორმაციის მიღების საშუალებაა“.

ასევე 24 ივნისს აშშ–ის ელჩი და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ფოთის პორტში საქართველოს სანაპირო დაცვის ბაზას ესტუმრნენ, სადაც შარშან აშშ–ის დაფინანსებით გემთსარემონტო სახელოსნო გაიხსნა.

ფოთში გამართულ ცერემონიაზე ამერიკულმა მხარემ საქართველოს სანაპირო დაცვას საჭირო ტექნიკა და მცურავი საშუალებების ამწე გადასცა.