ფანჯიკიძე ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე 24 ივნისს ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივანს ანდერს ფოგ რასმუსენს შეხვდა.
შეხვედრა წინ უძღოდა ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სამშაბათს საღამოს ორდღიანი მოლაპარაკებების დაწყებას, რომლის დღის წესრიგი ასევე მოიცავს დისკუსიებს, თუ როგორ უნდა გადაწყდეს ალიანსის ღია კარის პოლიტიკა ნატოს უელსის სამიტზე სექტემბერში.
შეხვედრაზე ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები ასევე მიმოიხილავენ ოთხი ასპირანტი ქვეყნის – საქართველოს, ბოსნია და ჰერცეგოვინას, მონტენეგროს და მაკედონიის მიერ მიღწეული პროგრესის შეფასების ანგარიშებს.
„ანგარიში საქართველოს შესახებ ბოლო წლების პოზიტიურ მიღწევებს აღიარებს“, – დაწერა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა Tweeter-ზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.
„ნატო მზად არის მხარი დაუჭიროს და დაეხმაროს საქართველოს მის ამბიციურ თავდაცვით რეფორმებში“, – დაწერა მან Tweeter-ზე.
„საქართველოს თავისუფალი, სამართლიანი და ინკლუზიური არჩევნები კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო დემოკრატიის მომწიფების გზაზე“, – დაწერა მან და ასევე მიესალმა საქართველოს მზადყოფნას, რომ ავღანეთში 2014 წლის შემდგომ მისიაშიც შეიტანოს წვლილი.
საქართველოს ხელმძღვანელობამ მკაფიოდ განაცხადა, რომ მისი სურვილია ნატომ წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP) საქართველოს უელსის სამიტზე მიანიჭოს. თუმცა, ამ საკითხზე ალიანსში კონსენსუსი არ არსებობს.
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა 2 ივნისს ბერლინში საქართველოს პრემიერ–მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, რომ იგი არ ფიქრობს, რომ საქართველოს წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭების საკითხი ნატოს უელსის სამიტის დღის წესრიგში იქნება და დასძინა, რომ MAP–ის გარდა სხვა ვარიანტებიც არსებობს, რომლის საშუალებითაც საქართველოს პროგრესი სამიტის გადაწყვეტილებებში შეიძლება აისახოს.
„როიტერი“ იტყობინებოდა 20 ივნისს ნატოს ანონიმურ დიპლომატზე დაყრდნობით, რომ ნატოს 28 წევრიდან, დაახლოებით თორმეტი, მათ შორის გერმანია და საფრანგეთი, თავს იკავებენ საქართველოსთვის MAP–ის მინიჭებაზე; იმავე წყაროს პროგნოზით, ალიანსი ვერ შეძლებს საჭირო კონსენსუსის მიღწევას.
„მე კიდევ ერთხელ დავაფიქსირე დღევანდელ შეხვედრაზე გენერალურ მდივანთან…, თუ რა არის საქართველოს მოლოდინი, რა არის საქართველოს ამბიცია, რომ ეს არის ნატოს წევრობა და ამ წევრობის გზაზე ინტეგრაციული ნაბიჯების გადადგმა“, – განაცხადა ფანჯიკიძემ 24 ივნისს ნატოს შტაბბინაში რასმუსენთან შეხვედრის შემდეგ.
„მე შეხვედრაზე ხაზი გავუსვი, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი პროგრესის ადეკვატური ასახვის მოლოდინი და უფლება, რომ ეს მოლოდინი გვქონდეს“, – დასძინა მან.
25 ივნისს ფანჯიკიძე მონაწილეობას მიიღებს ნატოს და ISAF–ის მისიაში მონაწილე პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში.
ბუქარესტის სამიტზე ნატოს ლიდერებმა უარი თქვეს საქართველოსთვის MAP–ის შეთავაზებაზე, მაგრამ გადაწყვიტეს, რომ საქართველო ოდესმე მომავალში გახდება ნატოს წევრი. თუმცა ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაში ასევე ნათქვამია, რომ MAP–ი მომდევნო ნაბიჯი უნდა იყოს „წევრობისკენ მის პირდაპირ გზაზე“; მინიშნება MAP–ის ფაზის გავლის საჭიროებაზე ალიანსში გაწევრიანებამდე ასევეა გაკეთებული საქართველოს შესახებ ნატოს შემდგომ გადაწყვეტილებებში.