ნატო საქართველოს თანამშრომლობის ‘არსებით პაკეტს’ შესთავაზებს

ნატო ალიანსის სექტემბრის სამიტამდე თანამშრომლობის „არსებით პაკეტს“ შეიმუშავებს, რათა საქართველოს ალიანსთან „დაახლოებაში“ დაეხმაროს, განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა 25 ივნისს.

სამშაბათს ბრიუსელში გამართულ სამუშაო სადილზე ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს საკითხი, თუ როგორ გადაწყვიტონ ღია კარის პოლიტიკა უელსის სამიტზე. ასევე იქნა განხილული ის პროგრესი, რომელსაც ოთხმა ასპირანტმა ქვეყანამ – საქართველომ, ბოსნია და ჰერცეგოვინამ, მონტენეგრომ და მაკედონიამ, მიაღწიეს, განაცხადა რასმუსენმა. 

„ნატოს კარი ღია რჩება და არცერთ მესამე ქვეყანას არ აქვს ვეტოს უფლება ნატოს გაფართოებაზე“, – განაცხადა მან, „თითოეული ქვეყანა თავისი დამსახურებების შესაბამისად შეფასდება. თითოეულ ქვეყანას სხვადასხვა სფეროებში სამუშაო აქვს ჩასატარებელი. და ჩვენ ასპირანტ ქვეყნებს იმ მხარდაჭერას აღმოვუჩენთ, რომელიც მათ ამ კარში შემოსასვლელად სჭირდებათ“. 

„ეს სამიტის გადასაწყვეტია, მაგრამ ჩვენ პრინციპში შევთანხმდით იმაზე, რომ  საქართველოსთვის არსებით პაკეტს შევიმუშავებთ, რომელიც მას ნატოსთან დაახლოებაში დაეხმარება. ძირითად ელემენტებზე მომდევნო კვირებში ვიმუშავებთ“, – განაცხადა რასმუსენმა და დასძინა, რომ ნატო „არაუგვიანეს 2015 წლის ბოლოსა“ შეაფასებს, მიიწვიოს თუ არა მონტენეგრო ალიანსში.

ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები დისკუსიებს ბრიუსელში 25 ივნისს განაგრძობენ, მათ შორის უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე. ასევე დაგეგმილია ISAF–ის მისიაში მონაწილე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, რომელიც ბრიუსელში იმყოფება, ნატოს გენერალურ მდივანს 24 ივნისს შეხვდა.

„როიტერი“ იტყობინებოდა 20 ივნისს ნატოს ანონიმურ დიპლომატზე დაყრდნობით, რომ ნატოს 28 წევრიდან, დაახლოებით თორმეტი, მათ შორის გერმანია და საფრანგეთი, თავს იკავებენ საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭებაზე; იმავე წყაროს პროგნოზით, ალიანსი ვერ შეძლებს საჭირო კონსენსუსის მიღწევას.  

სანაცვლოდ, ამავე ინფორმაციის თანახმად, ნატო შეიმუშავებს პაკეტს, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ისეთ ზომებს, როგორიცაა უფრო ახლო პოლიტიკური თანამშრომლობა, საქართველოს შეიარაღებული ძალების წვრთნა და საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის გაძლიერება. საქართველოს ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს ასეთ პაკეტზე მუშაობის მიმდინარეობა, თუმცა ასევე განაცხადეს, რომ ეს ელემენტები იმ ფართო შემოთავაზების ნაწილია, რომელზე მსჯელობაც ჯერ კიდევ გრძელდება.

2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ნატოს ლიდერებმა უარი თქვეს საქართველოსთვის MAP–ის შეთავაზებაზე, მაგრამ გადაწყვიტეს, რომ საქართველო ოდესმე მომავალში გახდება ნატოს წევრი. თუმცა ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაში ასევე ნათქვამია, რომ MAP–ი მომდევნო ნაბიჯი უნდა იყოს „წევრობისკენ მის პირდაპირ გზაზე“; მინიშნება MAP–ის ფაზის გავლის საჭიროებაზე ალიანსში გაწევრიანებამდე ასევეა გაკეთებული საქართველოს შესახებ ნატოს შემდგომ გადაწყვეტილებებში.