რასმუსენი: ნატოს უელსის სამიტზე საქართველოსთვის MAP არ იქნება
ნატოს სამიტი უელსში „არ შეეხება წევრობის სამოქმედო გეგმას“ (MAP) საქართველოსთვის, განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა 25 ივნისს.
ეს შეეხება „მეტ მხარდაჭერას, რათა საქართველო ნატოს დაუახლოვდეს“, განაცხადა რასმუსენმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები მოლაპარაკებებს მართავენ.
„ეს იქნება არსებითი პაკეტი; ჩვენ ამ პაკეტზე ვიმუშავებთ საქართველოსთან ახლო თანამშრომლობის გზით დღეიდან სამიტამდე“, – განაცხადა რასმუსენმა და დასძინა, რომ მოცემულ მომენტში მას ამ პაკეტის კონკრეტიკაზე საუბარი არ შეუძლია.
„ეს იქნება არსებითი პაკეტი“, – განაცხადა რასმუსენმა. „ჩვენ ამ პაკეტზე ვიმუშავებთ საქართველოსთან ახლო თანამშრომლობის გზით დღეიდან სამიტამდე. ვწუხვარ, რომ ამ ეტაპზე არ შემიძლია პაკეტის კონკრეტულ ელემენტებზე საუბარი. მისი შემუშავება მოხდება დღეიდან სამიტამდე პერიოდში“.
„ნება მომეცით ხაზი გავუსვა, რომ ის გადაწყვეტილება, რომელიც 2008 წელს ბუქარესტში მივიღეთ, კვლავ ძალაშია და თქვენ ალბათ გახსოვთ, რომ ბუქარესტში 2008 წელს ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი იმ პირობით, თუ ის საჭირო პირობებს დააკმაყოფილებს. და ის პაკეტი, რომელსაც ჩვენ სამიტისთვის მოვამზადებთ, საქართველოს ნატოსთან დააახლოვებს“, – დასძინა მან.
2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ნატოს ლიდერებმა უარი თქვეს საქართველოსთვის MAP–ის შეთავაზებაზე, მაგრამ გადაწყვიტეს, რომ საქართველო ოდესმე მომავალში გახდება ნატოს წევრი. თუმცა ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაში ასევე ნათქვამია, რომ MAP–ი მომდევნო ნაბიჯი უნდა იყოს „წევრობისკენ მის პირდაპირ გზაზე“; მინიშნება MAP–ის ფაზის გავლის საჭიროებაზე ალიანსში გაწევრიანებამდე ასევეა გაკეთებული საქართველოს შესახებ ნატოს შემდგომ გადაწყვეტილებებში.
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა 2 ივნისს ბერლინში საქართველოს პრემიერ–მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, რომ იგი არ ფიქრობს, რომ საქართველოს წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭების საკითხი ნატოს უელსის სამიტის დღის წესრიგში იქნება და დასძინა, რომ MAP–ის გარდა სხვა ვარიანტებიც არსებობს, რომლის საშუალებითაც საქართველოს პროგრესი სამიტის გადაწყვეტილებებში შეიძლება აისახოს.