ევროკავშირმა და საქართველომ ასოცირების დღის წესრიგი მიიღეს

ევროკავშირმა და საქართველომ 26 ივნისს ასოცირების შესახებ დღის წესრიგი მიიღეს, რომელიც 2014–2016 წლებისთვის პრიორიტეტებს ადგენს ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მომზადების თვალსაზრისით.

ასოცირების შესახებ დღის წესრიგმა, რომელიც ბრიუსელში 27 ივნისს საქართველოს და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის წინა დღეს იქნა მიღებული, ჩაანაცვლა 2006 წლის ევროკავშირი–საქართველოს ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმა; ის ქმნის განახლებულ ჩარჩოს ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის მისაღწევად, განაცხადა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურმა.  

„ასოცირების შესახებ დღის წესრიგი მოიცავს პოლიტიკურ ელემენტებს, მათ შორის პოლიტიკურ დიალოგს, რეფორმებს, რათა გაძლიერდეს დემოკრატიული ინსტიტუტები, კანონის უზენაესობა, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ადამიანის უფლებების პატივისცემა, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში თანამშრომლობა, ასევე კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება  და თანამშრომლობა მართლმსაჯულების, თავისუფლების და უსაფრთხოების მიმართულებით. ასოცირების შესახებ დღის წესრიგი ასევე მოიცავს ეკონომიკურ და სავაჭრო ელემენტებს, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებისადმი მიძღვნილ თავს და თანამშრომლობას მთელ რიგ სფეროებში, როგორიცაა ენერგეტიკა, ტრანსპორტი, დასაქმება და სოციალური პოლიტიკა“, – განაცხადა ევროკავშირის დიპლომატიურმა სამსახურმა.

„ევროკავშირი მხარს დაუჭერს საქართველოს სხვადასხვა კუთხით ასოცირების შესახებ დღის წესრიგის განხორციელების გზაზე. ეს გულისხმობს ფინანსურ მხარდაჭერას, ტექნიკურ შემოწმებას და რჩევებს, ინფორმაციის გაზიარებას და  შესაძლებლობების ზრდას“, – განაცხადა ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურმა.  

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში იმყოფება, სადაც ის დღეს დილით ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერს ხელს.

მოგვიანებით, პარასკევს საღამოს ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა თბილისში, ევროპის მოედანზე კონცერტით აღინიშნება; პრემიერ–მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პრემიერ–მინისტრი ღარიბაშვილი სიტყვით გამოვლენ ამ ღონისძიებაზე.

საქართველოს პარლამენტი შეთანხმების რატიფიცირებას ივლისის მეორე ნახევარში გეგმავს.

მართალია შესაძლოა რამდენიმე წელი დასჭირდეს ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს მიერ  შეთანხმების რატიფიცირებას, მაგრამ მის ძალაში სრულად შესვლამდე, გათვალისწინებულია დროებითი გამოყენების წესი, სანამ ევროკავშირის წევრები და ევროპარლამენტი რატიფიკაციის პროცესს დაასრულებენ.

საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიკაციის შემდეგ დროებითი გამოყენება, შესაძლოა, დაახლოებით 2014 წლის ოქტომბრისთვის დაიწყოს.

მის დროებით გამოყენებამდე, უნდა ჩამოყალიბდეს ინსტიტუციური ჩარჩო, რომელიც ითვალისწინებს ასოცირების საბჭოს შექმნას (რომელიც არსებულ თანამშრომლობის საბჭოს ჩაანაცვლებს), და ასევე სხვადასხვა კომიტეტების, ქვეკომიტეტების და ვაჭრობასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფების ჩამოყალიბებას; პროცესს ასევე თან უნდა ახლდეს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა და საპარლამენტო თანამშრომლობა, რაც მონიტორინგის მექანიზმებს უზრუნველყოფს.

სქელტანიან შეთანხმებას თან ახლავს 30–ზე მეტი დანართი, რომელშიც ჩამოთვლილია ევროკავშირის ასობით შესაბამისი კანონი, რომელიც საქართველომ უნდა მიიღოს კონკრეტულ ვადებში, რომლებიც ორიდან ათ წლამდე მერყეობს – ეს პროცესი უამრავი რეფორმის განხორციელებას მოითხოვს.

ივლისში ევროკავშირი გეგმავს საქართველოს დასახმარებლად 101 მილიონი ევროს ღირებულების ახალი პროგრამები დაამტკიცოს მართლმსაჯულების სფეროში რეფორმების და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების განხორციელების მხარდასაჭერად, ასევე მცირე და საშუალო საწარმოების პროგრამების დასაფინანსებლად.

ევროკავშირის დაკვეთით მომზადებული 2012 წლის ანგარიშის „ ვაჭრობის მდგრადობაზე ზემოქმედების შეფასების“ თანახმად, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება საქართველოდან ექსპორტს ევროკავშირში 12%–ით გაზრდის, ხოლო იმპორტს ევროკავშირიდან – 7.5%–ით. ანგარიშის თანახმად, ვაჭრობასთან დაკავშირებული რეფორმების სრული განხორციელება გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს  მშპ–ს 4.3%–ით გაზრდის.    

ევროკავშირის შეფასებით, საქართველოს სასოფლო–სამეურნეო პროდუქცია უფრო მიმზიდველი გახდება ევროკავშირის ბაზარზე  მას შემდეგ, რაც მათზე ევროკავშირის იმპორტის გადასახადები მოიხსნება, რაც 5.7 მილიონ ევროს შეადგენს ძირითად სასოფლო–სამეურნეო პროდუქციაზე და 0.5 მილიონ ევროს გადამუშავებულ სასოფლო–სამეურნეო პროდუქციაზე.

„საქსტატის“ ინფორმაციით, საქართველოს ექსპორტმა ევროკავშირში 2014 წლის იანვარ–მაისში 253 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 58%–იანი ზრდაა.  

საქართველოს ექსპორტმა დსთ–ის ქვეყნებში 2014 წლის იანვარ–მაისში 627.6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, საიდანაც აზერბაიჯანი, სომხეთი და რუსეთი საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ბაზრებია 240.4 მლნ, 129.7 მლნ და 108.3 მლნ აშშ დოლარით, შესაბამისად.

საქართველომ და ევროკავშირმა ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები 2010 წლის ივლისში დაიწყეს. შეთანხმების ეკონომიკურ ნაწილზე მოლაპარაკებები მოგვიანებით დაიწყო და 17 თვეში, 2013 წლის ივლისში დასრულდა.

ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირება, რომელიც ასევე მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას, 2013 წლის ნოემბერში ვილნიუსში განხორციელდა. თავდაპირველად შეთანხმების ხელმოწერა წელს მოგვიანებით იგეგმებოდა, თუმცა უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა უბიძგა ევროკავშირს თარიღი ივნისში გადმოეწია.