საქართველოს აშშ-ის კონგრესის დელეგაცია ეწვევა
საქართველოს 29 ივნისს აშშ-ის კონგრესის დელეგაცია ეწვევა დემოკრატი სენატორის, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის კომისიის თავმჯდომარის ბენ კარდინის ხელმძღვანელობით, იტყობინება აშშ-ის საელჩო საქართველოში.
დელეგაცია შეხვედრებს გამართავს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, ასევე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებთან.
„დელეგაცია განიხილავს ევროპის კავშირთან ხელმოწერილი ასოცირების ხელშეკრულებასა და საქართველოს სუვერენიტეტთან დაკავშირებულ საკითხებს. ხაზი გაესმება, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასა და ტერიტორიულ მთლიანობას, აგრეთვე დიდად აფასებს საქართველოს მიერ გაღებულ მსხვერპლსა და კონტრიბუციას ნატოს მისიებში“, – ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.
კონგრესმენთა დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან დემოკრატი სენატორი ტომ ჰარკინი, დემოკრატი კონგრესმენი ადამ შიფი, რესპუბლიკელი კონგრესმენები რობერტ ადერჰოლტი, ფილ გინგრი და დევიდ შვაიკერტი.