14 საარჩევნო უბანზე განმეორებითი კენჭისყრა ჩატარდა
14 საარჩევნო უბანზე, სადაც 15 ივნისის ადგილობრივი არჩევნების შედეგები გაბათილდა ან კენჭისყრის პროცესი ჩაიშალა, კვირას განმეორებითი კენჭისყრა ჩატარდა.
განმეორებითი კენჭისყრა შემდეგ საარჩევნო უბნებზე გაიმართა: დუშეთის მუნიციპალიტეტის ოთხ უბანზე – მე–4, მე–6, 47–ე და 52–ე უბნებზე; თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მე–5 უბანზე; ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 1–ელ უბანზე; ბათუმის 103–ე უბანზე; მარნეულის 25–ე და 57–ე უბნებზე; ტყიბულის მე–2 და მე–5 უბნებზე; ქობულეთის 34–ე უბანზე; ხონის 22–ე უბანზე და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 32–ე უბანზე.
განმეორებითი არჩევნები 14 უბნიდან 12–ში მას შემდეგ დაინიშნა, რაც 15 ივნისის ადგილობრივი არჩევნების შედეგები გაუქმდა დარღვევების გამო; ხოლო ზუგდიდის 32–ე და ხონის 22–ე უბნებზე 15 ივნისს არჩევნები ჩაიშალა.
სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ განაცხადა, რომ 29 ივნისს გამართული განმეორებითი კენჭისყრის დროს დამკვირვებლებმა დააფიქსირეს მხოლოდ „მცირე ტექნიკური ხასიათის ხარვეზები, რომელზეც საარჩევნო ადმინისტრაციამ შესაბამისი რეაგირება მოახდინა“.
სულ 13 956 ამომრჩეველია დარეგისტრირებული იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც განმეორებითი კენჭისყრა ჩატარდა. 29 ივნისს საარჩევნო უბნებზე 5 112 (36.63%) ამომრჩეველი მივიდა.