პროკურატურა უგულავასთვის წინასწარ პატიმრობას ითხოვს

ფულის გათეთრების ბრალდებასთან ერთად, პროკურატურამ თბილისის ყოფილ მერს და ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთ ლიდერს გიგი უგულავას 5 ივნისს მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებითაც წაუყენა ბრალი.

პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოში შუამდგომლობა წარადგინა, სადაც უგულავასთვის წინასწარი პატიმრობას შეფარდებას ითხოვს; სასამართლო მოსმენა დღეს 18 საათისთვის ჩაინიშნა.

5 ივნისს უგულავა, რომელიც ნაციონალური მოძრაობის კამპანიას ხელმძღვანელობდა ადგილობრივ არჩევნებზე, და პარტიის კიდევ რამდენიმე ლიდერი მარნეულის საოლქო კომისიის თავმჯდომარის კაბინეტში იმყოფებოდნენ და ცდილობდნენ გადაერწმუნებინათ, რომ ნაციონალური მოძრაობის გამგებლობის კანდიდატის რეგისტრაცია გაეუქმებინა. უგულავა უყვიროდა კომისიის თავმჯდომარეს კობა ასანიძეს და ეუბნებოდა მას, რომ „ინანებს“ თავის გადაწყვეტილებას.  მოგვიანებით უგულავამ ბოდიში მოიხადა. საოლქო კომისიის თავმჯდომარემ გააუქმა ნაციონალური მოძრაობის გამგებლის კანდიდატის რეგისტრაცია, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მოგვიანებით სასამართლომ გააუქმა.

პროკურატურა აცხადებს, რომ უგულავას ქმედებები წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსის 150–ე და 226–ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებს, რომლებიც ეხება „იძულებას“ და „ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს“.

გიგი უგულავას ადვოკატმა გიზო უგლავამ განუცხადა ჟურნალისტებს 4 ივლისს, რომ მისი კლიენტი დამატებით ბრალდებებს, ისევე როგორც მის წინააღმდეგ წაყენებულ  წინა ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

უგულავა 3 ივლისს დილით თბილისის აეროპორტში კიევში გაფრენამდე დააკავეს. იმავე დღეს 12 საათზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა, რომ უგულავას დაკავება უკავშირდებოდა მის ჩართულობას თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, დავით კეზერაშვილთან დაკავშირებული ოფშორული კომპანიიდან საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ე.წ. „შავი ფულის“ მართლსაწინააღმდეგოდ შემოტანის სქემაში. საგამოძიებო სამსახურის თქმით, ამ სქემის ფარგლებში მხოლოდ 760 000 აშშ დოლარის გადმორიცხვა განხორციელდა და ეს თანხა უგულავამ ნაციონალური მოძრაობის დასაფინანსებლად გამოიყენა.

30 ივნისს უგულავას ცალკე ბრალდებები წაუყენეს, რომელიც არ არის კავშირში ახალ ბრალდებებთან და თბილისის მერად მუშაობის დროს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გზით საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვას უკავშირდება. 

უგულავას დაკავებამდე დაახლოებით 12 საათით ადრე თბილისის საქალაქო სასამართლომ 2 ივლისს არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, რომელიც უგულავასთვის პასპორტის ჩამორთმევას ითხოვდა, რათა მას ქვეყნის დატოვების საშუალება არ ჰქონოდა. სასამართლოს თქმით, პროკურატურამ ვერ დაასაბუთა საკუთარი შუამდგომლობა და უგულავას წინააღმდეგ რაიმე დამატებითი ზომის მიღება არ იყო საჭირო, რადგანაც არ არსებობდა მისი „მიმალვის“ ან  მის მიერ მართლმსაჯულებისთვის სხვა მხრივ  ხელშეშლის საფრთხე. 

უგულავამ უკვე რამდენჯერმე დატოვა ქვეყანა და დაბრუნდა უკან მას შემდეგ, რაც მას 2013 წლის თებერვალში პირველად წაუყენეს ბრალი. მას რამდენიმე საქმეზე აქვს წაყენებული ბრალდებები, რაზეც სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.

2013 წლის თებერვალში, როცა თბილისის მერად მუშაობდა, უგულავას  დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვასა და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებულ ორ დამოუკიდებელ საქმეზე  წაუყენეს ბრალდებები, რომელსაც სასამართლო იხილავს.

ამის შემდეგ, დეკემბერში უგულავას პროკურატურამ ბრალი დასდო დედაქალაქის განვითარების ფონდიდან 48.18 მლნ ლარის ოდენობით სახელმწიფო სახსრების გამოყენებაში ნაციონალური მოძრაობის სხვადასხვა ხარჯების დასაფარად 2011–2012 წლებში. ამ ბრალდების გამო თბილისის საქალაქო სასამართლომ უგულავას მერის უფლებამოსილება შეუჩერა, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ ამ გადაწყვეტილების საფუძველი არაკონსტიტუციურად ცნო. ამის შემდეგ უგულავამ  სასამართლოს თანამდებობაზე აღდგენის თხოვნით მიმართა, თუმცა თავისი შუამდგომლობა უკან გაიტანა.