აშშ-ის ელჩის კომენტარი უგულავას დაკავებაზე

გიგი უგულავასთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების კომენტირებისას, აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა 5 ივლისს განაცხადა, რომ  „ეს არის სერიოზული საქმე“, რომელსაც შეერთებული შტატები ყურადღებით აკვირდება.

„ჩვენი ყურადღების ცენტრში არის პრინციპები და სამართლებრივი პროცედურები", – განაცხადა აშშ-ის ელჩმა.

„ჩვენს წუხილს ზრდის ის გარემოება, რომ ახლა საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდია. 12 ივლისს დანიშნულია არჩევნების მეორე ტური და ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სამართლებრივი პროცესის და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების უმაღლესი სტანდარტები იყოს დაცული და თავისუფალი ყოველგვარი პოლიტიკური გავლენისგან", – განაცხადა ნორლანდმა.

მისი თქმით, საელჩო ყურადღებით დააკვირდება უგულავასთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას.

"მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ძალადობის ჩადენისგან, ან ძალადობის პროვოცირებისგან. მოვუწოდებთ, ხელი შევუწყოთ მშვიდობიან გარემოს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გაძლიერდეს დამოუკიდებელი სასამართლოსა და კანონის უზენაესობისადმი პატივისცემა", – განაცხადა აშშ-ის ელჩმა.