ედუარდ შევარდნაძე გარდაიცვალა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე 86 წლის ასაკში 7 ივლისს თბილისში გარდაიცვალა.

ედუარდ შევარდნაძე 1928 წლის 25 იანვარს გურიის სოფელ მამათში დაიბადა. 1972 წლამდე, ვიდრე საბჭოთა საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი გახდებოდა, შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და ასევე ეკავა სხვადასხვა პარტიული თანამდებობები 1957 წლიდან.

1985 წელს შევარდნაძე საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა და ამ პოსტიდან 1990 წელს გადადგა. ის გერმანიის გაერთიანების შესახებ მოლაპარაკებების აქტიური მონაწილე იყო.

საქართველოში ედუარდ შევარდნაძე პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სამხედრო გზით დამხობის შემდეგ 1992 წელს დაბრუნდა მმართველობის დროებითი ორგანოს, სახელმწიფო საბჭოს ხელმძღვანელის რანგში და იმავე წელს, ის  პარლამენტის თავმჯდომარედ იქნა არჩეული. მისი მმართველობის დროს დაიწყო შეიარაღებული კონფლიქტი აფხაზეთში, რის შედეგადაც სეპარატისტულმა რეგიონმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 

1995 წელს შევარდნაძე პირველი ვადით აირჩიეს საქართველო პრეზიდენტად, ხოლო 2000 წელს მეორედ გახდა პრეზიდენტი, თუმცა მან უფლებამოსილების ვადა ბოლომდე ვერ მიიყვანა, ვინაიდან 2003 წლის 23 ნოემბერს ვარდების რევოლუციის შედეგად იძულებული გახდა თანამდებობიდან გადამდგარიყო.

90-იან წლებში თბილისში მასზე სულ ცოტა ორი თავდასხმა განხორციელდა, თუმცა ორივე შემთხვევას შევარდნაძე ცოცხალი გადაურჩა.

სიცოცხლის ბოლომდე ედუარდ შევარდნაძე კრწანისის რეზიდენციაში ცხოვრობდა, რომელიც სახელმწიფომ მას საჩუქრად გადასცა.