პრემიერი ღარიბაშვილი სექტემბერში გაეროს გენერალურ ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოვა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 26 სექტემბერს ნიუ–იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 69–ე სესიაზე სიტყვით წარსდგება და სხვა ორმხრივ შეხვედრებთან ერთად ასევე გამართავს მოლაპარაკებებს გაეროს გენერალურ მდივანთან ბან კი მუნთან.

ამ ღონისძიებებამდე სამი თვით ადრე, პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურმა 8 ივლისს ასევე დააანონსა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობა სპეციალურ სესიაზე მოსახლეობისა და განვითარების შესახებ საერთაშორისო კონფერენციის სამოქმედო პროგრამის შესრულების საკითხზე, ასევე კლიმატის ცვლილების შესახებ სამიტსა და პლენარულ სხდომაში „world conference on Indigenous People“.

„გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში,  საქართველოს პრემიერ–მინისტრის მეუღლე მიწვეულია მსოფლიოს პირველი ქალბატონების კონფერენციაზე“, – ასევე იტყობინება პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური.

იმავდროულად, 8 ივლისს პრეზიდენტის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, სადაც ნათქვამია, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი გაეროს გენერალური მდივნის მიწვევით მონაწილეობას მიიღებს 23 სექტემბერს ნიუ-იორკში კლიმატის ცვლილებების შესახებ დაგეგმილ სამიტში.

2013 წლის ჩათვლით, როგორც წესი, პრეზიდენტი გამოდიოდა სიტყვით გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე.  ეს პირველი შემთხვევა იქნება, როცა სესიას საქართველოდან პრემიერ-მინისტრი მიმართავს, რომელიც ამ მიზნით ნიუ–იორკში სამთავრობო დელეგაციასთან ერთად 22 სექტემბერს გაემგზავრება.