ციტატები: უცხოელი სახელმწიფო მოღვაწეების განცხადებები შევარდნაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალებას უამრავი სამძიმრის წერილი მოყვა უცხოელი სახელმწიფო მოღვაწეებისა და მისი ყოფილი კოლეგების მხრიდან.
ედუარდ შევარდნაძეს, რომელიც 7 ივლისს 86 წლის ასაკში გარდაიცვალა, 13 ივლისს დაკრძალავენ; მას სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ.
ქვემოთ მოცემულია ყოფილი და მოქმედი ოფიციალური პირების და ლიდერების სამძიმრის წერილები და განცხადებები ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით:
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა შევარდნაძის ოჯახის მიმართ სამძიმრის წერილში:
„ედუარდ აბროსის ძემ დრამატული მოვლენებით სავსე ცხოვრება განვლო. იგი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა საბჭოთა კავშირის და მშობლიური საქართველოს განვითარების სახიფათო მოსახვევებში. მისი, როგორც დიდი პოლიტიკოსის და სახელმწიფო მოღვაწის ხსოვნა ჩვენს ქვეყნებში ბევრი ადამიანის გულებში დარჩება“.
საბჭოთა კავშირის ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ გორბაჩოვის განცხადება:
„ეს იყო არაორდინალური, ნიჭიერი ადამიანი… მან სერიოზული წვლილი შეიტანა გარდაქმნის პერიოდის საგარეო პოლიტიკაში; იგი მსოფლიო საქმეებში ახალი აზროვნების გულწრფელი მხარდამჭერი იყო. მისი დანიშვნა საგარეო საქმეთა მინისტრად ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, მაგრამ მას ოსტატურად მიყავდა საქმეები ამ პოსტზე და შემთხვევითი არ იყო, რომ მას აფასებდნენ დიპლომატები, თანამშრომლები და უცხოელი პარტნიორები. დიდი იყო მისი როლი გერმანიის გაერთიანებაში და ზოგადად ევროპის საქმეებში, ჩინეთთან ურთიერთობების ნორმალიზებაში და აშშ–სთან დიალოგში. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ის, რაც მან ბირთვული შეიარაღების შეჯიბრის შეწყვეტისთვის გააკეთა".
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ–ვალტერ შტიანმაიერმა განაცხადა:
„ედუარდ შევარდნაძის წვლილი ცივი ომის და ევროპის დაყოფის დაძლევის საქმეში არასდროს იქნება დავიწყებული. გერმანიის გაერთიანება შეუძლებელი იქნებოდა მისი მნიშვნელოვანი გავლენის გარეშე“.
ჰანს–დიტრიხ გენშერმა, შევარდნაძის დასავლეთ გერმანელმა კოლეგამ 80–იანი წლების ბოლოს, უთხრა Associated Press-ს:
„ვფიქრობ, შეიძლება ითქვას, რომ ის მე–20 საუკუნის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი და გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე იყო“.
აშშ–ის სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის განცხადება:
„მეოცე საუკუნის 80-იან წლებში საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრად მუშაობის დროს შევარდნაძემ ცივი ომის დასრულებაში პრეზიდენტ გორბაჩოვთან, პრეზიდენტ რეიგანთან და მდივან შულცთან ერთად დიდი როლი ითამაშა. შეიარაღებაზე კონტროლის მოლაპარაკებებისთვის ახალი სიცოცხლის მიცემით მან ბირთვული კონფრონტაციის რისკი შეამცირა. იგი მკაცრი კურსის მომხრეებს დაუპირისპირდა და წინ აღუდგა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ძალის გამოყენების მცდელობას, როდესაც ამ ქვეყნებმა პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები წამოიწყეს. იგი რეფორმებს საბჭოთა კავშირშიც უჭერდა მხარს. ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოს მეორე პრეზიდენტი, შევარდნაძე 90-იან წლებში ცდილობდა მყიფე მდგომარეობაში მყოფი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფას და ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის შეუქცევად გზაზე დაყენებას. იმ დროს, როდესაც საქართველო მისი ერთ-ერთი დიდი სახელმწიფო მოღვაწის ცხოვრებას იხსენებს, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ყველა მოქალაქეს ერთიანი, დემოკრატიული საქართველოს ერთგული დარჩეს“.
აშშ–ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჯეიმს ბეიკერმა განაცხადა:
„ედუარდ შევარდნაძე საპატიო ადგილს დაიკავებს ისტორიაში, რადგანაც მან და მიხეილ გორბაჩოვმა უარი თქვეს ძალის გამოყენებაზე საბჭოთა იმპერიის შესანარჩუნებლად“.
ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის, ქართველი ხალხის და შევარდნაძის ოჯახისა და მეგობრების სახელზე გაკეთებულ სამძიმრის წერილში:
„შევარდნაძის დიდმა ავტორიტეტმა საერთაშორისო არენაზე, მისმა პიროვნულმა თვისებებმა და საბჭოთა სახელმწიფოს მშენებლობაში უშუალო მონაწილეობის მრავალწლიანმა გამოცდილებამ ხელი შეუწყო საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს განვითარებას და გაძლიერებას, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ბელარუსის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობების დამყარებაში“.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ორი სამძიმრის წერილი გამოგზავნა – ერთი შევარდნაძის ოჯახის, ხოლო მეორე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სახელზე; ამ უკანასკნელში ნათქვამია:
ედუარდ შევარდნაძე იყო „გამოჩენილი ქართველი პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე, აზერბაიჯანის დიდი მეგობარი. მთელი განვლილი ცხოვრების გზამ, ედუარდ შევარდნაძის მაღალმა სახელმწიფო მოღვაწეობამ მოძმე საქართველოს აყვავების მიზნით მას დამსახურებული ავტორიტეტი, ღრმა პატივისცემა და აღიარება მოუტანა მსოფლიოს მასშტაბით. ედუარდ შევარდნაძემ უზარმაზარი წვლილი შეიტანა აზერბაიჯანის და საქართველოს ხალხებს შორის მეგობრობის, კეთილმეზობლობის და ურთიერთმხარდაჭერის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების შენარჩუნებაში, განვითარებასა და გაძლიერებაში. აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერი ჰეიდარ ალიევი და ედუარდ შევარდნაძე ჩვენი მოძმე ქვეყნების ხარისხობრივად ახალი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების და სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების სათავეში იდგნენ“.
გაეროს გენერალური მდივნის ბან კი მუნის პრესსპიკერმა განაცხადა:
„გენერალური მდივანი იხსენებს საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ბატონ ედუარდ შევარდნაძის მნიშვნელოვან წვლილს საერთაშორისო არენაზე და მის ძალისხმევას ცივი ომის გამყოფი ხაზების დასაძლევად, მათ შორის გაეროში ბირთვული განიარაღების მხარდაჭერის გზით“.
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა დაწერა Twitter-ზე:
„ედუარდ შევარდნაძე ჩვენი დროის დიდი პიროვნება იყო. მისი გადადგომა 1990 წლის დეკემბერში არ უნდა იქნას დავიწყებული დღეს“.
ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა და ყოფილმა ევროკომისარმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში ხავიერ სოლანამ დაწერა Twitter-ზე:
„სამწუხაროა. დიდებული მეგობარი. სსრკ–ს დაშლის და გერმანიის გაერთიანების მთავარი ფიგურა. დიდი მოღვაწე“.