სასამართლომ უგულავას წინასწარი დაკავების წინააღმდეგ სააპელაციო სარჩელი დაუშვებლად ცნო

თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო  ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერის გიგი უგულავას სარჩელი მის წინასწარ პატიმრობასთან დაკავშირებით.

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და 4 ივლისს უგულავას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, რაც მისმა ადვოკატებმა ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრეს. 

თუმცა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი მიროტაძემ 8 ივლისს მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც მან სარჩელის არსებითი განხილვა დაუშვებლად ცნო, რაც იმას ნიშნავს, რომ უგულავა, რომელიც ნაციონალური მოძრაობის კამპანიას ხელმძღვანელობს ადგილობრივ არჩევნებზე, პატიმრობაში დარჩება. საქართველოში წინასწარი პატიმრობის მაქსიმალური ვადა ცხრა თვეა.

"სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დაცვის მხარის საჩივარში არ არის დასაბუთებული გასაჩივრებული განჩინების დებულებათა მცდარობა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 207-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად, საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს. საქმის მასალებში არ მოიპოვება და არც საჩივრის ავტორებს არ წარმოუდგენიათ რაიმე ისეთი მტკიცებულება, რომელიც არსებით გავლენას მოახდენდა პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებით განსაზღვრული აღკვეთის ღონისძიების მართლზომიერებაზე", – ნათქვამია სააპელაციო სასამართლოს პრესრელიზში.

"სასამართლოს განმარტებით, ის გარემოება, რომ ბრალდებულს სხვა საქმეზე შეფარდებული აქვს აღკვეთის ღონისძიება, ხოლო ზოგიერთ საქმეზე სასამართლომ მას არ შეუფარდა არცერთი სახის აღკვეთის ღონისძიება, არ შეიძლება გახდეს უპირობოდ, ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების საფუძველი", – აცხადებს სააპელაციო სასამართლო, "საქმის მასალებში წარმოდგენილ, აღკვეთის ღონისძიებებთან დაკავშირებით გიორგი უგულავას მიმართ დღემდე გამოტანილ სასამართლოს განჩინებებში, მითითებული იყო მოცემული საქმისგან სრულიად განსხვავებული ფაქტობრივი და ფორმალური გარემოებები, რაც მნიშვნელოვანი იყო კონკრეტულ საქმეებზე შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების დროს და რომლებიც ყველა ცალკეულ შემთხვევაში შესაფასებლად ინდივიდუალურია".

უგულავას ადვოკატმა გიზო უგლავამ განაცხადა, რომ ამგვარი გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო მათთვის და რომ მოსამართლემ თავისი გადაწყვეტილების დასაბუთება უნდა წარმოადგინოს.   

ნაციონალურმა მოძრაობამ დაგმო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, როგორც „ძალიან სერიოზული საფრთხე და უკან გადადგმული ნაბიჯი ქართული სახელმწიფოსთვის“.  

„ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც გარდაუვლად გააჩენს ძალიან ბევრ ნეგატიურ კითხვის ნიშანს ჩვენს უცხოელ პარტნიორებში; ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც პრეცედენტულად ძალიან ნეგატიურად იმოქმედებს ქართული დემოკრატიის და ქართული სასამართლოს მომავალზე“, – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, დეპუტატმა დავით ბაქრაძემ.

„სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ქართულ სასამართლო სისტემაშიც გაჩნდნენ ხელისუფლების ფავორიტი მოსამართლეები, რომლებიც მზად არიან მიიღონ ხელისუფლებისთვის ხელსაყრელი ნებისმიერი გადაწყვეტილება“, – განაცხადა მან.

ბაქრაძემ ასევე განაცხადა, რომ უგულავა საქმეს სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებს.

„ის, რაც დღეს მოხდა, [სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება] არის ცუდი ქართული სახელმწიფოსთვის… იმიტომ, რომ ეს გადაწყვეტილება ყველა ჩვენ უცხოელ მეგობარს და პარტნიორს გაუჩენს ძალიან სერიოზულ კითხვის ნიშნებს, რამაც შეიძლება სერიოზულად შეგვიშალოს ხელი ევროპისკენ მიმავალ გზაზე“, – განაცხადა ბაქრაძემ.

უგულავა 3 ივლისს დილით თბილისის აეროპორტში კიევში გაფრენის წინ დააკავეს. მას უკან დასაბრუნებელი ბილეთიც ჰქონდა აღებული და მოგვიანებით იმავე დღეს უნდა ჩამოფრენილიყო, რათა 4 ივლისს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე გამოცხადებულიყო. ერთი დღით ადრე თბილისის საქალაქო სასამართლომ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა უგულავასთვის პასპორტის ჩამორთმევის თაობაზე. უგულავამ უკვე რამდენჯერმე დატოვა ქვეყანა და დაბრუნდა უკან მას შემდეგ, რაც მას 2013 წლის თებერვალში პირველად წაუყენეს ბრალი.

დაპატიმრების შემდეგ უგულავას ორ ცალკე საქმეზე წაუყენეს ბრალი – ერთი ფულის გათეთრების ბრალდებას, ხოლო მეორე ივნისის დასაწყისში მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში მომხდარ დაპირისპირების ინციდენტს უკავშირდება. უგულავას რამდენიმე საქმეზე აქვს წაყენებული ბრალდებები, რომელთაც ის პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

ბრალდების მხარე აცხადებდა, რომ უგულავა წინასწარ პატიმრობაში უნდა იყოს სასამართლო განხილვის პროცესში, რათა მან ქვეყანა არ დატოვოს ან სხვა მხრივ არ შეუშალოს ხელი მართლმსაჯულების აღსრულებას. პროკურორების განცხადებით, დანაშაული, რომელშიც უგულავას ბრალი ედება, 2014 წლის თებერვალში მაშინ იქნა ჩადენილი, როცა ის გირაოს გადახდის სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული სხვა საქმეზე.