სახალხო დამცველი GDS-ის ეთერში გასული გადაცემის სექსისტურ ეპიზოდს გმობს
სახალხო დამცველი შეშფოთებას გამოთქვამს ტელეკომპანია GDS-ის მიერ მომზადებული გადაცემა „ბინა 18“-ის ერთ-ერთ ეპიზოდთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ „ქალის სხეულის მუსიკალურ ინსტრუმენტთან გაიგივება შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახველია არა მხოლოდ მონაწილე ქალების, არამედ მთლიანად საზოგადოებისათვის“.
ბოლო ორი დღის განმავლობაში სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდება გადაცემა „ბინა 18“-ის 9 ივლისის გადაცემის ნაწყვეტი, რომელშიც ჩანს, რომ სატელევიზიო სტუდიაში ქართული ხალხური მუსიკალური ნომრის შესრულების დროს მამაკაცი დოლის პარტიის შესასრულებლად სკამებზე ხელებით დაყრდნობილი ორი ქალის სხეულის ქვედა ნაწილს იყენებს.
„ქალის შეფასება მისი გარეგნული, ბიოლოგიური მახასიათებლებით, მისი ობიექტივიზაცია და ‘ნივთად წარმოჩენა’ წარმოადგენს სექსიზმს, რომელსაც დამანგრეველი შედეგების მოტანა შეუძლია ქალთა უფლებრივი მდგომარეობისათვის საქართველოში“, -აცხადებს სახალხო დამცველი.
„დღეს, როდესაც საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის მაღალი მაჩვენებელია, ქალები ყოველდღიურად განიცდიან ჩაგვრასა და უთანასწორო მოპყრობას ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, ხდებიან საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპული, სექსისტური შეხედულებების მსხვერპლნი, უჭირთ დაარღვიონ დუმილი და ისაუბრონ ძალადობაზე, შიშსა და დისკრიმინაციაზე, რომელსაც ისინი განიცდიან, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არსებული მიდგომების ცვლილებას და არა მათ განმტკიცებას, რაშიც განუზომელია მედია საშუალებებისა და სამოქალაქო საზოგადოების როლი“, – ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ 11 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში.
მისი თქმით, საზოგადოებრივი ცნობიერების ჩამოყალიბებისა და ინფორმაციის გავრცელების პროცესში, მნიშვნელოვანია გავრცელებული ინფორმაცია არ იწვევდეს საზოგადოებაში სტერეოტიპების გაძლიერებას და არ შეიცავდეს ძალადობის წამახალისებელი და ქალის ობიექტივიზაციისაკენ მოწოდებებს.
„სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველა მედია საშუალებას, გაითვალისწინონ საქართველოში ქალთა უფლებრივი მდგომარეობის კუთხით არსებული მდგომარეობა, ქალთა მიმართ ძალადობის მაღალი მაჩვენებელი და უთანასწორო მოპყრობა ცხოვრების სხვადასხვა სფეროში და ხელი შეუწყონ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, საზოგადოებაში ნულოვანი ტოლერანტობის ჩამოყალიბებას ქალთა შეურაცხმყოფელი კუთხით წარმოჩინების, ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე და შეწყვიტონ სექსიზმის ტირაჟირება“, – ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ 11 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში.