სეპარატისტული აფხაზეთის პრეზიდენტობისთვის ოთხი კანდიდატი იბრძოლებს
სეპარატისტული აფხაზეთის ყოფილ ვიცე-პრემიერს ბესლან ეშბას უარი ეთქვა 24 აგვისტოს ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატად რეგისტრაციაზე მას შემდეგ, რაც მან აფხაზურ ენაში გამოცდა ვერ ჩააბარა, იტყობინებოდა „აფსნიპრესი“ ორშაბათს.
კანდიდატად რეგისტრაციისათვის ერთ-ერთი მოთხოვნა აფხაზური ენის ცოდნას უკავშირდება, რასაც ხუთ-წევრიანი ლინგვისტური კომისია ამოწმებს.
დანარჩენმა ოთხმა კანდიდატმა, რომლებმაც 14 ივლისამდე – ბოლო ვადის ამოწურვამდე მიმართეს საარჩევნო ადმინისტრაციას რეგისტრაციისთვის, ენის გამოცდა ორშაბათს ჩააბარა.
ეს კანდიდატები არიან: რაულ ხაჯიმბა, აფხაზეთის ეროვნული ერთობის ფორუმის ლიდერი; მერაბ ქიშმარია, სეპარატისტული რეგიონის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი; უშიშროების სამსახურის მოქმედი უფროსი ასლან ბჟანია და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ლეონიდ ძაფშბა.
აფხაზურ ენაში მათი წერითი და ზეპირი ცოდნა ლინგვისტურმა კომისიამ გამოცადა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ბატალ ტაბაღუამ 14 ივლისს პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ეშბას რეგისტრაციაზე უარი აფხაზური ენის „არასაკმარისი ცოდნის“ გამო ეთქვა.
მან , „აფსნიპრესის“ თანახმად, ასევე განაცხადა, რომ გასაჩივრების შემთხვევაში, ეშბას მისი წერილობითი ტესტის ასლი და გამოცდის ვიდეო-ჩანაწერი გადაეცემა.
აკადემიკოსმა შოთა არსტაამ, რომელიც საგამოცდო კომისიას ხელმძღვანელობდა, იმავე პრესკონფერენციაზე დაიჩივლა იმის გამო, რომ აფხაზურ ენას პოლიტიკოსები ფართოდ არ იყენებენ. მისი თქმით, ჩვეულებრივ ამბად იქცა, როცა საუბარს იწყებენ აფხაზურად და შემდეგ რუსულზე გადადიან იმის გამო, რომ მოსაუბრეებს მწირი ლექსიკური მარაგი აქვთ. „ჩვენ აფხაზებს აფხაზურს ენაზე უნდა ვესაუბროთ; ესაა ჩვენი ოფიციალური ენა და ჩვენ სხვა არ გვაქვს“, – განაცხადა მან.
იმ კანონის აღსრულება, რომელიც სეპარატისტულ რეგიონის მთავრობას და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებს თავიანთი საქმიანობის აფხაზურ ენაზე წარმართვას ავალდებულებს, მომავალი წლიდან იგეგმება.