სტრასბურგის სასამართლო აცხადებს, რომ ქურდული სამყაროს წინააღმდეგ კანონი არ არღვევს კონვენციას
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ (ECHR) დაადგინა 15 ივლისს, რომ საქართველოს მიერ ე.წ. კანონიერი ქურდების წინააღმდეგ 2005 წელს მიღებული საკანონმდებლო პაკეტი ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის დარღვევას არ წარმოადგენს.
სტრასბურგის სასამართლოს შვიდი მოსამართლისგან შემდგარი პალატის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილება გამომდინარეობს აჭარის მკვიდრი საქართველოს მოქალაქის მიერ წარდგენილი სარჩელიდან, რომელსაც 2007 წელს „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის შვიდწლიანი პატიმრობა მიესაჯა კანონიერი ქურდის დავალებების შესრულების გამო.
2008 წელს შეტანილ სარჩელში, მომჩივარი აცხადებდა, რომ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პრინციპი „არავითარი სასჯელი კანონის გარეშე“, რადგანაც სისხლის სამართლის კოდექსის ის დებულებები, რომლის საფუძველზეც ის გაასამართლეს, არ იყო მისთვის საკმარისად მკაფიო და განჭვრეტადი, რათა წინასწარ ცოდნოდა, თუ რა ტიპის ქცევა შეიძლება მიჩნეულიყო ქურდული სამყაროს წევრობად, რაც დასჯად ქმედებას წარმოადგენდა.
2005 წელს ამ კანონმდებლობის მიღებისას მისი კრიტიკოსები კანონის ბუნდოვანებაზე მიუთითებდნენ. 2014 წლის დასაწყისში, როდესაც ამ თემამ წინ იმის გამო წამოიწია, რომ კანონში ცვლილებების შეტანის საჭიროებაზე გაკეთდა განცხადებები, პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გამორიცხა ცვლილებების შესაძლებლობა და განაცხადა იანვარში, რომ კანონი არ გადაიხედება.
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ განაცხადა, რომ თითქმის ცხრა წლის წინ ამ საკანონმდელო პაკეტის მიღების მთავარი მოტივაცია იყო სამართალდამცავი სტრუქტურებისთვის შესაძლებლობის მიცემა, რომ „უფრო ეფექტურად შებრძოლებოდნენ ამ სახიფათო კრიმინალურ გაერთიანებებს, რომლებიც არა მხოლოდ ქურდულ სამყაროზე ახდენდნენ გავლენას, არამედ საზოგადოებრივი ცხოვრების ბევრ ასპექტზეც გავრცელდა“.
„ქურდული სამყაროს ზემოქმედების შესახებ მთავრობის მიერ მოწოდებული კვლევები აშკარად აჩვენებს, რომ ამ კრიმინალურ ფენომენს ღრმად ჰქონდა ფესვები გადგმული საზოგადოებაში და რომ „ქურდული სამყარო“ და „კანონიერი ქურდები“ ფართოდ ცნობილი ცნებები იყო“, – განაცხადა ევროპის სასამართლომ და დასძინა, რომ კანონში ასახული ცნებების – „ქურდული სამყარო“ და „კანონიერი ქურდები“ – მნიშვნელობა კანონის მიღების დროისთვის უკვე კარგად იყო ნაცნობი ფართო საზოგადოებისთვის.
ევროპის სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ აღნიშული კანონის ეს დებულება უფრო ფართო კანონმდებლობის ნაწილი იყო, რომელიც მოიცავდა „დეტალურ განმარტებებს“ ისეთი ტერმინებისა, როგორიცაა „ქურდული სამყარო“ და „კანონიერი ქურდი“.
„შესაბამისად, სასამართლომ დაასკვნა, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ ბატონ აშლარბას [მომჩივარი] არ ესმოდა ეს სისხლის სამართლებრივი ცნებები ზოგადი, საზოგადოებაში დამკვიდრებული ცოდნის მეშვეობით, იმ უფრო ფართო კანონმდებლობის ფარგლებში, რომელიც იმ დროს მოქმედებდა, მას ადვილად შეეძლო განეჭვრიტა, თუ საჭირო იყო იურისტის დახმარებითაც, რომ მის ქმედებებს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მოყვებოდა. ამრიგად, სასამართლომ დაასკვნა, რომ კონვენციის მე–7 მუხლის დარღვევას ადგილი არ ჰქონია“, – განაცხადა ევროპის სასამართლომ.